საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა და ბანკის წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. კერძოდ, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილ არხებზე საბითუმო დაშვების საკითხი, ინტერნეტის ხარისხის კონტროლი და ინტერნეტის გაცვლის ნეიტრალური წერტილების არსებობის მნიშვნელობა. ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სრულ თანხვედრაშია კომისიის მიერ უკვე განხორციელებულ ღონისძიებებთან და ამ მიმართულებით დასახულ სამომავლო გეგმებთან.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ინტერნეტ ბაზარზე არსებულ დაბალ კონკურენციას, აღნიშნულ ბაზარზე არსებულ მაღალ ფასებსა და დაბალ ხარისხს, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული. ამ თემასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ექსპერტები სრულად იზიარებენ კომისიის თავმჯდომარის მოსაზრებას და პრობლემის მოგვარების მექანიზმებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა ექსპერტებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კომისიამ უკვე მიიღო დადგენილება „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“, რომელიც ძალაში 2018 წლის აგვისტოდან შედის.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილ არხებზე საბითუმო დაშვების მაღალ ფასებსა და დისკრიმინაციულად დაშვების მაგალითებს. კომისიის თავმჯდომარემ ბანკის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომისიამ უკვე დაიწყო საკონსულტაციო პროცესი და გამოაქვეყნა საკონსულტაციო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც, ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები. ამავდროულად, კომისიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანია 2018 წლის სექტემბრამდე Long Run Incremental Cost (LRIC) მოდელის საფუძველზე მოხდება შემდგომი თაობის ქსელებთან დაშვებისა და ფართოზოლოვანი მომსახურების ტარიფების გაანგარიშება.

კომისიის წევრებმა ხაზი გაუსვეს, ფართოზოლოვანი მომსახურებების განვითარების დაჩქარების კუთხით, ნეიტრალური ინტერნეტის გაცვლის წერტილის არსებობის მნიშვნელობას და ექსპერტებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კომისია, მაქსიმალურად შეეცდება ხელი შეუწყოს აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელებას.

კომისიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის საკანონმდებლო ინიციატივასაც, რომლის შემუშავებაზეც კომისია ასევე მსოფლიო ბანკის ექსპერტების დახმარებით მუშაობს.

მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მსოფლიო ბანკის ხელშეწყობითა და დახმარებით, საქართველოში ფართოზოლოვანი მომსახურებების განვითარების სტრატეგიის შემუშავება მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა ფართოზოლოვანი მომსახურებების განვითარებისთვის საჭირო გზები და მექანიზმები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა