კახა კალაძე - მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში განაცხადი არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია

მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში განაცხადი არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ბიზნესსექტორი არ დაინტერესდება, პარკირების მოწყობა მუნიციპალიტეტს მოუწევს.

„გახსოვთ ალბათ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, ეს არის ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც მიწისქვეშა ავტოსადგომები უნდა მოეწყოს იმისთვის, რომ ქალაქში პარკირების პრობლემა ეტაპობრივად დავარეგულიროთ. 22 ივნისს დასრულდა ეს პროცესი და სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვაში არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია განაცხადი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს აქტივობა საკმაოდ დაბალია. მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ეს არის პროექტები, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადაეცემოდათ, თუმცა ეს ინტერესთა გამოხატვები დადებითი შედეგებით ვერ დასრულდა“, - განაცხადა კალაძემ.

მანვე პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა, თავად გააკეთონ აღნიშნულ ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგი, თუმცა, მისი თქმით, მათ ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

„ჩვენ გვახსოვს წინასაარჩევნოდ, 2016 წელს, პუშკინის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით როგორი აჟიოტაჟი ატყდა. კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ედგა ამ პროცესს სათავეში და ნამდვილად სამარცხვინოა რაც ხდებოდა მაშინ. იყო მცდელობა მოსახლეობის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. არ უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. იყო ბრალდებები, რომ თითქოს მუნიციპალიტეტმა არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ფაქტი სახეზეა, 1 ლარად ვაძლევთ ბიზნესსექტორს და იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც მაშინ იძახდნენ, რომ ჩვენ მოგვეცით ეს მიწისქვეშა ნაკვეთები და ჩვენ გავაკეთებთ მიწისქვეშა პარკინგებსო. ა ბატონო, აქ არის სამი ლოკაცია წარმოდგენილი, გადმოგცემთ 1 ლარად და გააკეთეთ მიწისქვეშა პარკინგები, თუმცა დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ პარტიებს ამის შესაძლებლობა არ გაგაჩნიათ. მესმის, რომ ეს ბიზნესი არარენტაბელურია. ჩვენ ამ პროექტს ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ და გვინდა, რომ ბიზნესიც ჩავრთოთ. თუ ბიზნესი ვერ დაინტერესდება, ჩვენ მოგვიწევს ამის განხორციელება“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა