სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - გალში დაგეგმილ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს გალში მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება. ამის შესახებ ენგურის ხიდზე გადასვლამდე ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განუცხადა.

„დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მომხდარ ინციდენტს. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, დაეთმობა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. ასევე, ვისაუბრებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გააადგილების კუთხით შეზღუდვებზე“, - აღნიშნა ანთაძემ.

რაც შეეხება დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზური მხარე ე.წ. „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ შესახებ საკითხის დაყენებას გალის შეხვედრაზე აპირებს, ანთაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.