კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებენ, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს

აშშ-ის კონგრესმენებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს ორპარტიული წერილით მიმართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, წერილის ინიციატორები არიან აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე, კონგრესმენი პიტერ როსკამი (რესპუბლიკელი-ილინოისი) და თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა). წერილს ხელს 30 რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენი აწერს.

„ჩვენ, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ძლიერი მხარდამჭერნი მოგიწოდებთ, რომ აქტიურად განიხილოთ საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება,“ - აღნიშნულია წერილში.

წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო მდებარეობა ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის. „საქართველო წარმოადგენს ცენტრალური აზიის რვა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს კარიბჭეს, რაც ჯამში 120 მილიონ მოსახლეობასა და 300 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკას მოიცავს. საქართველოზე ასევე გადის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული ენერგომომარაგების მარშრუტი,“ - აღნიშნავენ კონგრესმენები.

სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესმენები ხაზს უსვამენ საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს, განსაკუთრებით საგადასახადო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწის მიმართულებით, რაც ინვესტირებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. მათი განმარტებით, აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, კიდევ უფრო გააძლიერებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას რეგიონში. იგი ამერიკული კომპანიებისათვის შექმნის საქართველოში ინვესტირების მეტ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხოებას.

„რეგიონზე ნეგატიური ეკონომიკური ზეწოლის პირობებში, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ ეკონომიკური და სავაჭრო სახის დესტრუქციული ქმედებების გზით წარმოებული აგრესიით, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმება არასდროს ყოფილა ასე ღირებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპიდან და ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანზიტის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით,“ - აღნიშნავენ კონგრესმენები.

წერილში ხაზგასმულია, აშშ-სა და საქართველოს მნიშვნელოვანი მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა; საქართველოს მიერ ბოლო ორ ათწლეულში, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების სფეროში მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი; ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი; ასევე, კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოს წამყვანი როლი.

„ორმხრივი სავაჭრო შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ღრმა კავშირებს,“ - ნათქვამია წერილში.

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა