კახა კალაძე რეაბილიტირებული ძველი თბილისის მოსახლეობას მიმართავს, რომ ფასადებზე თვითნებურად მოწყობილი საყოფაცხოვრებო ინფასტრუქტურის დემონტაჟი მოახდინოს

თბილისის მერი კახა კალაძე რეაბილიტირებულ ძველ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას გონივრულ ვადას აძლევს, რომ თვითნებურად მოწყობილი საყოფაცხოვრებო ინფასტრუქტურის დემონტაჟი მოახდინონ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე მოსახლეობას კონდიცირების სისტემები აქვს მოწყობილი, გაყვანილი აქვთ გათბობის მილები, რაც დაუშვებელია.

კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს საკითხის გასაკონტროლებლად მონიტორინგის განხორციელება დაავალა.

“თქვენ იცით, რომ 2016 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა ახალი აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია, სადაც დაახლოებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯა. მერიის ინიციატივით ხორციელდება ასევე გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა, პროექტების ღირებულება 110 მილიონი ლარია. ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანი არის, რომ ქალაქს ისტორიული იერსახე აღუდგეს და შეუნარჩუნდეს. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა იერსახის და ფასადების დაზიანება კონდენციონერებით, გამათბობლებით და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით. ვიმეორებ, 30 მილიონი ლარი დაიხარჯა აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ასეთი ფაქტები არის უამრავი და ძალიან სამწუხაროა. სკვერებში არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მოვუაროთ, აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ და შემდეგ ისევ ჩვენ თვითონ ვაზიანებთ, რაც ნამდვილად სამწუხაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ და მთავრობის სხდომაზე ვანდალიზმის ფაქტების ამსახველი ფოტომასალა წარადგინა.

კალაძის თქმით, მომდევნო წლებში ქალაქის რეაბილიტაციისთვის კიდევ 500 მლნ ლარი დაიხარჯება.

“მესმის, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის საჭიროა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა, მაგრამ არ უნდა მოხდეს ფასადების დაზიანების ხარჯზე. კატეგორიულად მიუღებელია ეს მიდგომები და დამოკიდებულება. მეპატრონეები თვითონ უნდა იყვნენ პირველი, ვინც დაიცავს იმ შენობა-ნაგებობებს და არავის არ უნდა მისცეს მისი დაზიანების შესაძლებლობა. ჩვენ ვაპირებთ ძველი თბილისის რეაბილიტაციის გაგრძელებას. 110 მლნ ლარი იხარჯება ორ კონკრეტულ პროექტზე, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში 500 მლნ ლარის დახარჯვას ვაპირებთ, რომ ის სიმდიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია, შევინარჩუნოთ და უფრო მეწესრიგებულ-გალამაზებული გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. მაგრამ, რეაბილიტაციის შემდეგ ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა და ამ ყველაფერში მოსახლეობის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ გაფრთხილება საკმარისი იქნება და უფრო მკაცრი ზომების მიღება არ გახდება საჭირო.

“მინდა დავავალო თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომ დააფიქსიროს თითოეული მსგავსი ფაქტი, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. მესაკუთრეებს მივცეთ გონივრული ვადა, რომ თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელონ. იმ დაზიანებებს, რაც ფასადებზე არის, ჩვენი ხარჯებით აღვადგენთ, უბრალოდ, კონდიცირების და გამათბობლების მილების დემონტაჟი უნდა მოხდეს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ დადგენილ ვადაში მოხდება დემონტაჟი და არ მოგვიწევს სხვა უფრო მკაცრი ზომების მიღება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა