კონგრესმენი პიტერ როსკამი - აშშ-ის კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების იდეის ირგვლივ ერთიანდება

გვწამს, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ის ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს, - ამის შესახებ კონგრესმენმა პიტერ როსკამმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეების - პიტერ როსკამისა და დევიდ პრაისის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ წერილს შეეხო, რომლითაც, კონგრესმენები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართავენ.

“ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე ერთგულება აშშ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ურთიერთობა ძალიან მტკიცეა და გვსურს, ის კიდევ უფრო გავაფართოვოთ. მოხარული ვარ, რომ ჩემს კოლეგასთან, დევიდ პრაისთან ერთად ვუწევ ადვოკატირებას აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რადგან გვწამს, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ის ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე, საქართველოსთვის კარგია, შემცირდეს სავაჭრო ბარიერები და გაიზარდოს ვაჭრობის შესაძლებლობები. შედეგად, იქნება არა მხოლოდ უფრო მეტი კომერციული საქმიანობა, არამედ უფრო ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული ალიანსიც“,- განაცხადა პიტერ როსკამმა.

მისივე თქმით, კონგრესმენები აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობენ.

“ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველოში და ვიცით, რომ ეს საკვანძო სტრატეგიულ ინტერესები ადმინისტრაციის დონეზე კარგად არის გააზრებული. ჩვენ ვაყალიბებთ საფუძველს სწორედ ამისთვის, რადგან ეს არის კონგრესი, რომელიც ასეთი ურთიერთობების ინიცირებას ახდენს. ჩვენი არგუმენტი ისაა, რომ კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების იდეის ირგვლივ ერთიანდება“,- განაცხადა კონგრესმენმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმენებმა 26 ივნისს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს ორპარტიული წერილით მიმართეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა