როდესაც ისტორიული კოლხეთის მიწაზე დგახარ, გრძნობ, რომ დგახარ ხიდზე, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის - ევროპულ ოჯახში დაბრუნების აუცილებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“როდესაც ისტორიული კოლხეთის მიწაზე დგახარ, წარმოუდგენელია ის შეგრძნება არ გქონდეს, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის ამ უძველეს კულტურას საერთო ევროპული ცივილიზაციის შექმნაში. როდესაც დგახარ ამ უძველეს მიწაზე, გრძნობ, რომ დგახარ ხიდზე, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის - ევროპულ ოჯახში დაბრუნების აუცილებლობა. ეს არის ის განცდა, რომელიც ყველა ქართველს ეუფლება როცა ჩამოდის, დგას და გრძნობს ამ მიწას. ჩვენი ქვეყნის ისტორია არის ძალიან რთული, ეს ყველამ კარგად ვიცით. ეს არის ისტორია, რომელიც მიეძღვნა ჩვენს თავისუფლებას და ღირსებას. როდესაც ასეთი ჟამი დგებოდა, როცა იყო იდეა საქართველოს თავისუფლების, ერთიანობის და ღირსების, ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის თავისი გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა. დღეს 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავედით. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თაობის დამსახურება, ეს ჩვენი დიდი წინაპრების დამსახურებაა, რომლებმაც შეძლეს და შეგვინარჩუნეს ეს უნიკალური კულტურა, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა საერთო ევროპულ ცივილიზაციაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.