სერგი კაპანაძე - „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი

ვიცე-სპიკერის, „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ შედგენილ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა.

როგორც კაპანაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ის პირები არიან, რომლებიც სულ მცირე ჩადენილ დანაშაულს და დამნაშავეებს აფარებენ ხელს.

ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, სიაში შეყვანილი რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია, რაც სიის მიმართ ხელისუფლების არასერიოზული დამოკიდებულებაზე მეტყველებს. პარტიის ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან: ოთარ ტურნანბა, რაულ კორტავა და ვლადიმერ ნაჩაჩოღლი.

კაპანაძე საქართველოს მთავრობას სიის გაფართოებისკენ მოუწოდებს.

“სამწუხაროდ, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე. კერძოდ, არ არიან შეყვანილი “ეფ-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული “გერეუს“ და ზოგადად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში არიან პასუხისმგებელნი არა მარტო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაზე. არც ერთი ასეთი ადამიანი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" არ მოხვდა! ჩვენ, “ევროპული საქართველო“ გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ ამ სიაში, მეორე მხრივ, ამ სიამ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში. ჩვენი კონკრეტული ძალისხმევით ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მოწოდება ევროკავშირის ქვეყნებისადმი, რომ მათ ამ სიაში მყოფი ადამიანები შეიყვანონ თავიანთ სანქცირებულ ადამიანთა სიაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს სიას და განავრცოს ის. შეიყვანოს მასში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ეს პასუხისმგებლობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის დღეს.

ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლენა არის, რომ სიაში სამწუხაროდ შეყვანილი არიან ადამიანები, რომლებიც არიან გარდაცვლილები. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ როგორი არასერიოზული იყო მათი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სია. ეს არის სია, რომელიც კონკრეტულ გზავნილს აგზავნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ან არღვევენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ან შეიძლება მომავალში დაარღვიონ, რათა მათ კარგად გაიგონ, რომ ამის გამო მოუწევთ როგორც პოლიტიკური, ისე კონკრეტული ფასის გადახდა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა. სია, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს