გიორგი აბაშიშვილი - ისტორიული დოკუმენტის - საქართველოს მხარდაჭერის აქტის აშშ-ის კონგრესში წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის შედეგია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის აქტს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან მარტის თვეში, აშშ-ში ვიზიტისას წამოაყენა.

"მარტის დასაწყისში, საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰქონდა შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, პირველივე შეხვედრაზე სენატორმა პომ პრეზიდენტის ინიციატივაზე ძალიან დამაიმედებელი განცხადება გააკეთა საქართველოს მხარდაჭერის აქტთან დაკავშირებით", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მოკლე ვადაში მოხერხდა აღნიშნული საკითხის ინიცირება.

"პრეზიდენტმა კონგრესში გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული პარტნიორი და ის განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი სწორედ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულებაა.

ფაქტია, რომ თვისობრივად კიდევ უფრო უმაღლეს დონეზე გადავა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა, რაც არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.