ვაჟა ბერიძე - ხედვა საინტერესოა, სტრუქტურული ცვლილებები – დროული, სამინისტროების გაერთიანება – საკამათო

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს.

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

თქვენ როგორ შეაფასებდით, პრემიერის მიერ წარმოდგენილ ხედვას სამინისტროების გაერთიანებასა და სტრუქტურულ ცვლილებებზე?

- ხედვა საინტერესოა, სტრუქტურული ცვლილებები – დროული, სამინისტროების გაერთიანება – საკამათო.

ახალი პრემიერი უდავოდ კარგად განსწავლული, პროგრესული შეხედულებების მქონე და თანმიმდევრული ადამიანია. მას ერთი პრინციპული და გამოსწორებას რომ არ ექვემდებარება, ისეთი ნაკლი აქვს – მეტისმეტად ახალგაზრდაა და პოლიტიკურ ბიოგრაფიას ფაქტობრივად პრემიერის პოსტზე იწყებს, მხედველობაში თუ არ მივიღებთ ფინანსთა მინისტრად მცირე ხნით მუშაობას.

მაგრამ, ჩვენი ლაბილური ეროვნული ცნობიერებისთვის ახალგაზრდობა და უბიოგრაფიობა ხომ ავანსად გაცემული მასშტაბური და მოცულობითი ინდულგენციაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მამუკა ბახტაძე საინტერესო და პერსპექტიულ ფიგურად გამოიყურება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კულტურის და სპორტის სამინისტრო რომ ერწყმის ეს ნიშნავს, რომ ჩამოყალიბებული სიმბიოზი არც ერთი მათგანის სამინისტრო არ იქნება. ისედაც პრემიერის ქვეშ მოიაზრებოდა ყველა მათგანი ცალკეც და ერთადაც

წარმატება კი დამოკიდებული იქნება რამდენად თანმიმდევრული აღმოჩნდება ახალი პრემიერი თავისი პროსოციალისტური მიდგომების რეალიზაციის პროცესში, რამდენად ხავერდოვანი იქნება მემარჯვენე პრემიერის მემკვიდრე მემარცხენე ლიდერისთვის ხალხის გულის მოგება ორი უმნიშვნელოვანესი არჩევნების (საპრეზიდენტო, საპარლამენტო) გათვალისწინებით.

შეძლებს კი იგი საზოგადოებასთან “ქართული ოცნების” მიერ გაწყვეტილი დიალოგის და კომუნიკაციის აღდგენას, საზოგადოების მოსმენას, მკაფიო კონცეპტუალური და პრაქტიკული სამოქმედო გეზის ჩამოყალიბებას და მის გათავისებას ხალხის მიერ.

ამ ახალბედა პოლიტიკოსს რთული ამოცანები ექნება გადასაწყვეტი. შეძლებს კი იგი მენეჯერის მანტიის მოშორებას და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ფუნქციის გათავისებას, ქვეყნის ფაქტობრივ მეთაურად გახდომას, ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას.

ეს მარტივი ამოცანები არ არის. მე მთელი გულით და არსებით ვგულშემატკივრობ მას, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, მაგრამ პერიოდულად, როცა ამ საკითხებზე ვფიქრობ და ვმსჯელობ, გვარიანი სკეპსისი მიპყრობს. ასეთი ტრანსფორმაცია ძალიან საინტერესო და გონიერმა მოღვაწემ გიორგი კვირიკაშვილმა ვერ შეძლო.

და ამის შემდეგ ვისაუბროთ კონკრეტულ ცვლილებებზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტრო რომ ერწყმის ეს ნიშნავს, რომ ჩამოყალიბებული სიმბიოზი არც ერთი მათგანის სამინისტრო არ იქნება. ისედაც პრემიერის ქვეშ მოიაზრებოდა ყველა მათგანი ცალკეც და ერთადაც. უქმდებაო იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო.

იქნებ მე ჩამოვრჩი მოვლენათა მსვლელობას და ქვეყანაში არსებული სამასიათასამდე დევნილის პრობლემები იქნებ გადაწყდა, იქნებ ისინი დავაბრუნეთ თავიანთ სამკვიდროში, ან იქნებ მათი პრობლემები მოვაგვარეთ? ამას ხომ არ მოჰყვება დევნილობაში აფხაზეთის მთავრობის გაუქმებაც? ჩვენ გვინდოდა ცვლილებების პოლიტიკური საფანელი მოგვესმინა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერისგან და არა მარტივი არითმეტიკა: რამდენი სამინისტრო უქმდება, რამდენი ლარის დაზოგვა იგეგმება და ასე შემდეგ.

იქნებ მე ჩამოვრჩი მოვლენათა მსვლელობას და ქვეყანაში არსებული სამასიათასამდე დევნილის პრობლემები იქნებ გადაწყდა, იქნებ ისინი დავაბრუნეთ თავიანთ სამკვიდროში ან იქნებ მათი პრობლემები მოვაგვარეთ? ამას ხომ არ მოჰყვება დევნილობაში აფხაზეთის მთავრობის გაუქმებაც? ჩვენ გვინდოდა ცვლილებების პოლიტიკური საფანელი მოგვესმინა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერისგან და არა მარტივი არითმეტიკა

არ შეიძლება მსჯელობა საბავშვო კალამბურის დონეზე: რამდენი სამინისტრო გვეყოფა მთავრობაში? 10. რათა ათი? მაშ, რამდენი? 5. ასეთი მიდგომა დაუშვებელიცაა და სახიფათოც. თუ მექანიკურად გავაერთიანებთ მიმართულებებს, შეიძლება 4-5 სამინისტროთიც შემოვიფარგლოთ. ასეთი მიდგომა არასერიოზულია. მე მჯერა, რომ მამუკა ბახტაძის მიდგომა საკითხებისადმი პასუხისმგებლიანი და სერიოზულია, მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს გვეუბნება.

მაინც რა არის სამინისტროების რაოდენობისა და რაობის საფუძველი? რა თქმა უნდა, რა ამოცანებიცაა მთავარი სადღეისოდ ქვეყნის წინაშე. რომელიმე მიმართულებით სამინისტროს შექმნა ან არსებობა საერთოდ, იმის მაუწყებელია, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით პოლიტიკის შექმნას და რეალიზაციას პრიორიტეტულად მიიჩნევს.

უფრო ღრმად თუ გავიაზრებთ, ყველაფერი რაც ხდება, არ არის მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია. ეს ყველაფერი უფრო ოპტიმიზაციაა, სამთავრობო ხარჯების შემცირების მცდელობა და ამის შეფუთვა მცირე მთავრობის კონცეფციით, მაგრამ რატომ არ ვარქმევთ საგნებს თავის სახელებს?

თუ 100-120 მილიონი ლარი უნდა დაიზოგოს ვთქვათ, რომ ეს მოხდება ბიუროკრატიის რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე. თან გვახსოვდეს, რომ არაფერი ისე ძვირი არ უჯდება ქვეყანას, როგორც იაფი ბიუროკრატია. ეს, სხვათა შორის, ესმოდა მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ მოხელეებისთვის ხელფასების მომატება მისი ინიციატივა იყო, რასაც მოჰყვა პრემიებისა და დანამატების შემოღება. მან აღკვეთა დაბალ დონეებზე კორუფცია, მათ შორის დაბალი და საშუალო რგოლის მოხელეების და ხელი რომ არ წაცდენოდათ, მაღალი ხელფასები დაუნიშნა.

არ შეიძლება მსჯელობა საბავშვო კალამბურის დონეზე: რამდენი სამინისტრო გვეყოფა მთავრობაში? 10. რათა ათი? მაშ, რამდენი? 5. ასეთი მიდგომა დაუშვებელიცაა და სახიფათოც. თუ მექანიკურად გავაერთიანებთ მიმართულებებს, შეიძლება 4-5 სამინისტროთიც შემოვიფარგლოთ. ასეთი მიდგომა არასერიოზულია

თუ წარმატებულ ევროპულ პრაქტიკას ვითვალისწინებთ, ბევრგან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ერთადაა, გაერთიანებულია, ჩვენ ამ გზით რატომ არ მივდივართ? სადაა ამის დასაბუთება? სოფლის მეურნეობის სამინისტრო რატომ არ უერთდება ეკონომიკის სამინისტროს? ესეც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მონსტრი-სამინისტროს ცალკე არსებობა რითია გამართლებული? თუ კორუფციასთან წარმატებული ბრძოლით, ეს გასაგებია.

- პრემიერის მტკიცებით, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9 პროცენტზე. პრემიერი დარწმუნებულია, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვის შემდეგ ქვეყანა მიიღებს სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებული იქნებიან კონკრეტულ შედეგებზე და ამას თითოეული მოქალაქე იგრძნობს“.

თქვენი აზრით, რამდენად საგრძნობი აღმოჩნდება ქვეყნის ბიუჯეტისთვის განსახოციელებელი სტრუქტურული ცვლილებები და რამდენად საფუძვლიანია პრემიერის ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგებს თითოეული მოქალაქე იგრძნობს?

- კარგი და მისაღები მიზანდასახულობაა, სამთავრობო ხარჯების შემცირება მისასალმებელია. რიცხოვნობაც შესამცირებელია და სტრუქტურებიც დასახვეწი. პრემიერი ვალდებულია ოპტიმისტი იყოს თავისი ხედვების შედეგებთან მიმართებაში. მეც ვფიქრობ, რომ კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული სახელისუფლო სისტემა პატარა ქვეყნებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

- თუ როგორი იქნება სამთავრობო სტრუქტურების შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა, ამაზე საუბარს თავს არიდებენ როგორც მმართველი გუნდის წევრები, ისე თავად პრემიერი.

რადგან ყველაზე აქტიურად მინისტრად თეა წულუკიანის დარჩენა-არდარჩენის თემა რჩება, თქვენც გკითხავთ - თქვენ როგორ აღიქვამდით იმას თუ წულუკიანი პოსტს შეინარჩუნებს, ან იმას თუ ვერ შეინარჩუნებს?

- ჩემთვის პერსონალიები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩემთვის მთავარია მთავრობის დაკომპლექტებისა და რეორგანიზაციის პრინციპები. როგორი იქნება ბახტაძის მთავრობის კონცეპტუალური საფუძველი? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არ იქნება მინისტრთა კაბინეტი ევროპული გაგებით. ის, უფრო იქნება ტექნოკრატების გუნდი, რომელშიც რამდენიმე პოლიტიკოსიც შევა.

ბახტაძის კაბინეტი პოლიტიკოსების გუნდი არ არის. თუ მან იმავე პრინციპით დააკომპლექტა მთავრობა, როგორითაც ,,დროებითი მთავრობის“ ჩამოყალიბებისას იხელმძღვანელა, უმეტესობა იქნება რომელიმე სფეროს მენეჯერი, სასურველი მცირე ან ნორმალური უცხოური განათლებით და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ხედვის მატარებელი ინდივიდი, რომელიც მთავრობაში მოდის რათა თავისი შეხედულებები დანერგოს რეალურ სინამდვილეში.

წულუკიანის დარჩენა-არდარჩენის თემა მეორე და შეიძლება ითქვას მეათეხარისხოვანია. ტექნოკრატების მთავრობაში წულიკიანიც ტექნოკრატი იქნება

მაგალითად, ფინანსთა მინისტრად სახელდება დავით ამაღლობელი, რომელიც რომან გოცირიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრეზიდენტი იყო, ბოლო წლებში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობდა. ბუნებრივია, თუ ის დაინიშნა, მიმართულების პოლიტიკური ხელმძღვანელი ვერ იქნება, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში. მის პოლიტიკურ ხედვებს ქვეყნის საფინანსო სისტემასთან მიმართებაში ქართული საზოგადოება არ იცნობს. ტექნოკრატები არიან მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკის მინისტრად მოაზრებული და ირაკლი ქარსელაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ამდენად, თეა წულუკიანის დარჩენა-არდარჩენის თემა მეორე და შეიძლება ითქვას მეათეხარისხოვანია. ტექნოკრატების მთავრობაში წულიკიანიც ტექნოკრატი იქნება, ისედაც მასზე მოდიოდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მთელი პრონაციონალური ოპოზიციის კრიტიკა და ქარიშხალი. უკვე საეჭვო ხდება სოზარ სუბარის დარჩენაც კაბინეტში. ისიც იშვიათი გამონაკლისი იყო წინა მთავრობაში, რამეთუ სუბარი პოლიტიკოსია.

და საერთოდ, ყურადღება მიაქციეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს - მედიაში დღის წესრიგს ქმნის ,,რუსთავი 2“, პოლიტიკაში ,,პრონაციონალური“ ოპოზიცია. მათ კარგად აქვთ შესწავლილი ბიძინა ივანიშვილის მიდგომები. ისინი ამოიღებენ მიზანში რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას, ახდენენ მის მარგინალიზებას, ხანდახან ამას მოავარაყებენ საპროტესტო აქციებით და მორიგი ,,თავიც“ დაგორდება.

სულ ახლახანს ასე მოხდა გენერალურ პროკურორთან მიმართებაში, ასე მოხდა პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში. ამიტომ ეხლა ზოგიერთები ივანიშვილს და ,,ოცნებას“ აქილიკებენ: დატოვე, დატოვე წულუკიანი, არჩევნები მოდის და თემა გვექნებაო.

მედიაში დღის წესრიგს ქმნის ,,რუსთავი 2“, პოლიტიკაში ,,პრონაციონალური“ ოპოზიცია

ვიდრე დღის წესრიგი დგება ,,პრონაციონალური“ ოპოზიციისა და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ, სწორედ იმას გადააყენებინებენ ბიძინა ივანიშვილს მთავარი ,,პრობლემა“ ვინცაა - რეალურად უკვე ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და პრემიერ ბახტაძეს. შეცლიან კი ეს უკანასკნელნი თამაშის ამ წესებს? ვნახოთ.

- გასაგებია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმების შემდეგ მასში შემავალი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე - დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს.

მაგრამ, თქვენი აზრით, ამ უწყების გაუქმება რა გზავნილი შეიძლება აღმოჩნდეს ერთი მხრივ მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალისათვის, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის?

- არანაირი გზავნილი არ იქნება, შესაძლოა მავანმა თავისი შინაგანი მზაობიდან და ტენდენციურობიდან გამომდინარე ჩათვალოს, რომ ქართველებისთვის დევნილების პრობლემები, ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი აღარ არის, რადგან სამინისტრო გაუქმდა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის დეოკუპაცია და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება უმთავრესი ამოცანაა.

დევნილთა სამინისტროს გაუქმება ნაადრევად, ნაჩქარევად და გაუაზრებლად მეჩვენება

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ნაბიჯი ნაადრევად, ნაჩქარევად და გაუაზრებლად მეჩვენება. დევნილები ისევ მძიმე მდგომარეობაში არიან, სამინისტრო სამასიათასზე მეტ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ემსახურებოდა, მათ პრობლემებზე ზრუნავდა ავად თუ კარგად და იგი არ უნდა გაეუქმებინათ.

- მას შემდეგ, რაც ახალმა პრემიერმა მმართველ გუნდთან ერთად დაასრულა სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობა, ახლა ალბათ მმართველი გუნდისთვის ყველაზე აქტუალური თემაა თუ ვინ დაინიშნება მთავარ პროკურორად და ვინ იქნება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩვნებზე „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. თქვენი ვარაუდოთ, ვინ შეიძლება იყოს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი და ამავე გუნდის მიერ შერჩეული პროკურორი?

- მჩხიბავობა არ მიყვარს, ვერ გეტყვით სავარაუდო კანდიდატურების სასურველ ვინაობას, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატს არჩევნებზე უპირატესი შანსი ექნება.

თუმცა ჩანს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ კანდიდატურა ჯერჯერობით შერჩეული არ ჰყავს. ვისზეც კულუარებში საუბრობენ, ყველას თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს, თუმცა გარკვეული ბიოგრაფიისა თუ დამსახურების ადამიანს ოპონენტები ,,დიდ ნაკლსაც“ უპოვნიან, ჩირქს მოსცხებენ, ამიტომ ივანიშვილი ფრთხილობს ასეთების წამოწევისას.

ვფიქრობ, რომ დასახელებულთაგან ყველა საიმედოა ქვეყნისთვის. პოეტი დავით მაღრაძეც, თუმცა მას შევარდნაძის დროინდელ კულტურის მინისტრობას ,,გაუპრობლემებენ“, სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც ,,პრონაციონალური“ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპატიებს, ხოლო საბჭოთა ინტელიგენცია, რომელიც დღესაც ყველაზე გავლენიანი სოციალური ფენაა ქვეყანაში, საბჭოთა დროინდელი ელიტის მიმართ ზურაბიშვილის რადიკალურად კრიტიკულ დამოკიდებულებას და მიუღებლობას გაუხსენებს.

თამაშგარე მდგომარეობაში რჩება სასჯელაღსრულების წარმატებული მინისტრი კახი კახიშვილი. იგი, ჩემი აზრით, გენერალურ პროკურორადაც გამოდგება და თეა წულუკიანის წასვლის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრადაც

კარგია ლადო ჭანტურიას კანდიდატურაც. არაფერია იმაში საძრახისი და ტრაიბალისტური, რომ ქართული კულტურისა და ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და წინსვლაში უდიდესი წვლილის მქონე სამეგრელოს ქართველობას ქვეყნის ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე ამ კუთხის შვილი უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ ყოველმხრივ მისაღებ ლადო ჭანტურიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდს გაუხსენებენ ოპონენტები, მაშინ მოხდარ ყველა უკეთურებაზე პასუხს მას მოსთხოვენ და მის მარგინალიზებას შეეცდებიან.

ასეთია ამ ძალიან ქართული ფენომენის რეაქცია კანდიდატურებზე. თამაშგარე მდგომარეობაში რჩება სასჯელაღსრულების წარმატებული მინისტრი კახი კახიშვილი. იგი, ჩემი აზრით, გენერალურ პროკურორადაც გამოდგება და თეა წულუკიანის წასვლის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრადაც.

- მაისიდან მოყოლებული პროცესები საშინაო პოლიტიკაში უცნაურადაც კი განვითარდა. თქვენ როგორ შეაფასებდით უკანასკნელ თვეებში საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს? იგულისხმება ჯერ 12 მაისს დაწყებული, ხოლო შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი გამოუძიებელი მკვლელობის გამო განვითარებული პროცესები რუსთაველზე, მმართველ გუნდში მომხდარი ცვლილებები, როგორც პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომა, ისე ახალ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძის დანიშვნა...

- ეს ყველაფერი ლოგიკური და საცნაური ხდება ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელების ვინაობის გათვალისწინებით. მედიაშიც და პოლიტიკურ სინამდვილეშიც ამ დღის წესრიგს, არც მეტი არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილი და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ ეს. მათ შორის მათ მიერვე კონტროლირებადი ყველაზე ყურებადი ქართული ტელეარხის ,,რუსთავი 2“-ის მეშვეობით.

მთლიანობაში კი ეს საპროტესტო ტალღა გამოწვეული იყო ,,ქართული ოცნების“ მიერ წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით. პოლიტიკაში, ბიზნესში და სახელოვნებო სფეროშიც კი კონკურენციის გაქრობამ მიგვიყვანა მართვადი ქაოსის სიტუაციამდე.

ეს საპროტესტო ტალღა გამოწვეული იყო ,,ქართული ოცნების“ მიერ წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით. პოლიტიკაში, ბიზნესში და სახელოვნებო სფეროშიც კი კონკურენციის გაქრობამ მიგვიყვანა მართვადი ქაოსის სიტუაციამდე

პრობლემები მიიჩქმალა დებატების საზღვრებს მიღმა და ჩაიკარგა ხალხში, საზოგადოებაში, სოციალური ვითარების გაუმჯობესების არასაკმარისი ტენდენციის ფონზე უკმაყოფილებამ თავდაპირველად ბათუმში ამოხეთქა. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ჩვენ, ანალიტიკოსები ვპროგნოზირებდით.

ეს ტალღა უნდა გაგრძელებულიყო და უკვე ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის კონტექსტში უკვე ამოიფრქვა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების მოთხოვნით, ფაშისტების არენაზე ლეგალური გამოსვლით და შვილმკვდარი მამების მხარდაჭერის პერმანენტული აქციებით როცა სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსულ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იქეთ სთხოვდნენ სამართლიანი სამართლის დადგენას და დამნაშავეთა საკადრის დასჯას.

თითქოსდა პროტესტანტებმა მიზანს მიაღწიეს, ხელისუფლება აიძულეს დათმობებზე წასულიყო, საპროტესტო აქციებმა და ახალმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა შეიწირა გენერალური პროკურორის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი მაინც არ არის, ახალ მთავრობას მყისიერი, ოპერატიული და კარგად გააზრებული ნაბიჯების გადადგმა მართებს.

ივანიშვილი სააკაშვილის დროს ჩამოყალიბებულ სისტემას დაეყრდნო და შედეგად ისევ მართვადი სასამართლო და მართლმსაჯულება მივიღეთ

სხვა შემთხვევაში, წინა საპროტესტო ტალღების (ბათუმის არეულობები, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების მოთხოვნა და შვილმკვდარი მამების პროტესტი) შემდეგ, პროტესტის ახალი მეოთხე ტალღა ყველა მათგანზე ძლიერი იქნება და იგი საფრთხეს შეუქმნის არა მარტო დღევანდელ ხელისუფლებას, არამედ საერთოდ სტაბილურობას მთელ ქვეყანაში.

- რამდენიმე დღეა ინტერესით ვადევნებთ თვალს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის საგამოძიებო კომისის სხდომებს. რაც უფრო მეტს ვუსმენთ ამ კომისიის სხდომას, მით უფრო აშკარაა, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს პროკურატურის სისტემაში, მათ შორის კვალიფიციური პროკურორებისა და გამომძიებლების მხრივ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ კომისიის მუშაობას, რა შეიძლება იყოს მიზეზი პროკურატურის სისტემაში არსებული პრობლემების და რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება დადოს ამ კომისიამ?

- საპარლამენტო კომისია რომ შეიქმნა, სწორია და იქ რომ ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, - ესეც. პროკურატურაში პრობლემები რომ არის, ესეც ცხადია. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მართლმსაჯულების რეორგანიზაცია და სასამართლო რეფორმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ჩატარდა არასწორად, ამან სისტემის მოშლის საფრთხე შექმნა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მართებული გამოსავალიც არ მოიძებნა.

სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ვინც ამის მიღწევის რეალურ გზას და კონცეფციას წარმოადგენს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მას დაუჭერს მხარს ქართული საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის დროს ჩამოყალიბებულ სისტემას დაეყრდნო და შედეგად ისევ მართვადი სასამართლო და მართლმსაჯულება მივიღეთ. კომისია, მე ვფიქრობ, არ იქნება ტენდენციური, არ მოახდენს საქმიანობის პოლიტიზებას და წარმოაჩენს სისუსტეებს, რომლებიც გახმაურებულმა მკვლელობებმა აჩვენა.

მიზანი ნათელია: საქართველოს მოსახლეობა და ქართული მენტალიტეტი უსამართლობას პრინციპულად და არსებითად ვერ ეგუება და არ მოითმენს. ამიტომ, როგორც ყოველ კონკრეტულ დანაშაულზე უნდა დადგეს სამართლიანი განაჩენი, სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ვინც ამის მიღწევის რეალურ გზას და კონცეფციას წარმოადგენს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მას დაუჭერს მხარს ქართული საზოგადოება.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა