დავით ბაქრაძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ გარდაცვლილი ადამიანების ყოფნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებას ძალიან გაართულებს

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი ადამიანების ყოფნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებას ძალიან გაართულებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ არ შეიყვანოს რუსეთის საოკუპაციო ძალების არც ერთი წარმომადგენელი, წარმოადგენს არა მხოლოდ რუსეთის მიმართ მიუღებელი დათმობის პოლიტიკის დადასტურებას, არამედ ეწინააღმდეგება და აზიანებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკურ ამოცანებს.

“უკიდურესად საზიანო და აღმაშფოთებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ ჩაწეროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ელემენტარულ საღ აზრსაც. ფაქტია, რომ მოსახლეობის მოტაცება ხშირად ხდება არა მხოლოდ რუსი ე.წ.მესაზღვრეების თვალწინ, არამედ უშუალოდ მათი მონაწილეობითაც; ფაქტია, რომ სეპარატისტთა შეიარაღებული რაზმები, რომლებიც აწიოკებენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას, ვერანაირად ვერ იმოქმედებენ რუსული ძალოვანი უწყებების თანხმობის გარეშე; ფაქტია, რომ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხელი შეშლოდა გამოძიებას და პასუხისმგებლობისგან დაეფარა მკვლელები. ცხადია, “ევროპული საქართველოს” ამოცანა არასოდეს ყოფილა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გამოყენება რუსეთთან ვითარების გამწვავების, ან ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან დიალოგის გართულების მიზნით, მაგრამ პასუხის მოთხოვნა მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის, სიმართლის დადგენა და დამნაშავეების დასჯა მათი საერთაშორისო სანქცირების გზით, მიგვაჩნია სრულიად აუცილებელ ნაბიჯებად ადგილობრივი ქართული მოსახლეობის დაცვის და სამომავლოდ ასეთი დანაშაულების პრევენციის მიზნით“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დეპუტატის თქმით, ცალკე გამოყოფას იმსახურებს სანქციების სიაში დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების მოხვედრა.

“ასეთი ხარვეზი ძალიან გაურთულებს ქართულ მხარეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების დარწმუნებას სიის მხარდაჭერის და საერთაშორისოდ ამოქმედების მიზნით. კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გადახედოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, მოიყვანოს ის შესაბამისობაში დღევანდელ რეალიებთან და დაამატოს მას რუსული საოკუპაციო ძალების ის თანამდებობის პირები, ვისი თანხმობით, ხელშეწყობით ან თანამონაწილეობითაც ხდებოდა დანაშაულების ჩადენა, ან ვინც მონაწილეობდა დანაშაულის დაფარვაში, ხელს უშლიდა სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში გუშინ შევიდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა