თავდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლების, გრიგოლ კამანდოს ძე გარაყანიძისა და უმცროსი სერჟანტ გაბრიელ ნოდარის ძე გვარჯალაძის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს. ამასთან დაკავშირებით სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მოხდა.

„თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული მსუბუქი ავტომანქანა „ŠKODA“, რომელსაც სავარაუდოდ გრიგოლ გარაყანიძე მართავდა, თურქეთის რესპუბლიკის კუთვნილ სატვირთო ტრაილერს „DAFF“ შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ორივე პიროვნება ადგილზევე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო მსუბუქ ავტომანქანაში მყოფმა ორმა პიროვნებამ. მათგან ერთის - ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლის, უმცროსი სერჟანტ ალექსანდრე აკაკის ძე კახიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად ის მოთავსებულია ქალაქ გორში მდებარე სამედიცინო ცენტრში „გორმედი“. პირველადი გამოკვლევებით აღენიშნება თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და მრავლობითი მოტეხილობები. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე პიროვნება, გრიგოლ გარაყანიძის შვილი - ირაკლი გრიგოლის ძე გარაყანიძე შპს „გორმედში“ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ გაიწერა“, - აცხადებენ სამინისტროში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი პირების ოჯახებს. მათ დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო