ირაკლი კობახიძე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრალამენტის თავმჯდომარის შეფასებით, იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებული წევრი გახდეს, საქართველოს საერთაშორისო სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, თუმცა ამ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ჯერ კიდევ მოუგვარებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის.

“მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯებისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვიგვარებია ჩვენი უდიდესი პრობლემა - ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა. როგორც იცით, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი-აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში. პირიქით: ამ ტერიტორიებზე სულ უფრო უარესდება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობა. ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში. ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში. ამან ცხადყო, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტის მოგვარების მხრივ პროგრესის არარსებობა პირდაპირ გულისხმობს რუსეთის მონაწილეობას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებით მანიპულაციაში პოლიტიკური მიზნებისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველოს პასუხი არის ორგვარი: „ვეძებთ მეგობრებს სხვა ქვეყნებში და ვაძლიერებთ დემოკრატიას საშინაო საკითხებში”. მისივე თქმით, საქართველო მტკიცე და უწყვეტ მშვიდობიან წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას რეგიონული და დასავლელი პარტნიორების დახმარებით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა