ირაკლი კობახიძე - მოუთმენლად ველით ნატოს მოსალოდნელ სამიტს, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, სათანადოდ აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს

ჩვენ მოუთმენლად ველით ნატოს სამიტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძემ ევროკავშირთან ინტეგრაციული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

“ჩვენ მოუთმენლად ველით ნატოს მოსალოდნელ სამიტს, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, სათანადოდ აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ და წინა პლანზე წამოსწევს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანების საკითხს, როგორც ეს გადაწყდა 10 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე.

ასევე მზად ვართ, გავაღრმავოთ ჩვენი ინტეგრაციული თანამშრომლობა ევროკავშირთან, რაც უფრო და უფრო იმედისმომცემი ხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ევროპის ზონაში უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ. დღესდღეობით, ჩვენ მოველით სავაჭრო და ბიზნეს საქმიანობის ხელშესახებ შედეგებს”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა და გასულ წელს, უპრეცედენტო დონეს მიაღწია. “ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალ დონეზე გადავიდა, რომელიც უფრო ფართოდ ვრცელდება საქართველოზე ვაშინგტონიდან პოლიტიკური და ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინა წელს უპრეცედენტო დონეს მიაღწია ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობამ: ამერიკასა და საქართველოს ის საერთო სტრატეგიული მიზნები აკავშირებთ, რომლებიც ემყარება რეგიონის დემოკრატიული გარდაქმნის ღირებულებებს და ურყევ მშვიდობასა და სტაბილურობას ლიბერალური და დემოკრატიული დღის წესრიგის საფუძველზე”,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სურს, მტკიცე რეგიონული პოზიცია დაიკავოს იმ ქვეყნებთან ერთად, ვინც საკუთარ მომავალს ევროპაში მოიაზრებს.

„ჩვენ გვწამს, რომ ჩვენს მოლდოველ და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მისწაფება დასავლეთისაკენ უფრო ხელშესახები და ეფექტური გახდება.

გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებისაკენ, ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენი, როგორც დემოკრატიული ერის შიდა სიძლიერეში.

საქართველოს მუდმივი მზაობა დემოკრატიული ტრანსფორმაციებისადმი, განსაკუთრებით კი ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე, ნათლად გამოხატავს იმას, რომ საქართველოს ფუნდამენტალური უსაფრთხოების გათვლები ემყარება ძლიერი დემოკრატიული საფუძველის შექმნას ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობისათვის.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გარდაქმნის პარალელურად, კანონის უზენაესობის, ლეგიტიმური მმართველობისა და საზოგადოებრივი ერთსულოვნების გზით, საქართველო აშენებს იმ მდგრადობას, რომელიც იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ის უხეში აგრესია, რაც 2008 წელს ვიხილეთ.

ჩვენ მზად ვართ, კვლავ ვიბრძოლოთ ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, და გვწამს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით და ჩვენი მოსახლეობის თანხმობით, გავიმარჯვებთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.