ვახტანგ ყოლბაია - მთამსვლელთა ფედერაციას მიზანშეწონილად მიაჩნია, კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭოს

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, მემორანდუმი ეხება აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭების საკითხს.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას მიზანშეწონილად მიაჩნია ჟიული შარტავას სახელი მიენიჭოს კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს. მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ახლგაზრდობისათვის, ადამიანებში გმირული სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, მას დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფა სამუდამოდ დაკავშირებულია აფხაზეთის ტრაგედიასთან. ჟიული შარტავას სახელით მონათლული მწვერვალი კი ამ ტრაგედიის გამოძახილად და ჩვენი ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოდაც კი შეიძლება იქცეს. ვიანიდან ამ მწვერვალს დალაშქრავს უამრავი ქართველი თუ უცხოელი მთამსვლელი, განვითარდება მასობრივი ალპინიზმი და სამთო ტურიზმი. ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სხვა მრავალ სიკეთეს, რომელიც ალპინიზმს ახასიათებს. მაგრამ ვიდრე ეს ყველაფერი მოხდება, საჭიროა მთამსვლელთა სპეციალური ჯგუფის გაგზავნა აღმოსავლეთ კავკასიონზე, როგორც მწვერვალის შესარჩევად, ისე, გარკვეული კატეგორიის სირთულის ასვლის გზის დასადგენად. მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მწვერვალის დამლაშქვრელთა მასობრივი მოზიდვისა და დაინტერესებისათვის. ვფიქრობ, შესაბამის ვადებში ყველაფერი მოესწრება და ეს არაჩვეულებრივი პროექტი წარმატებით განხორციელდება. მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა მოაწერეს ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა