ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში არასრულწლოვნებს შორის არსებული კრიმინალური სუბკულტურა სერიოზულ საფრთხეს ქმნის

სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში სერიოზულ საფრთხეს ქმნის არასრულწლოვნებს შორის არსებული კრიმინალური სუბკულტურა, რაც ხშირად ხდება პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის წევრების ვიზიტის დროს მე-11 დაწესებულებაში სულ 15 არასრულწლოვანი მსჯავრდებული იყო მოთავსებული. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა.

"პატიმრების გარკვეული ნაწილი, რომლებიც იმყოფებიან პრივილეგირებულ მდგმარეობაში, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალურ მმართველობის წესებს. აუცილებელია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ გააცნობიეროს, თუ რა გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებაში არსებული კრიმინალური სუბკულტურა", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მე-11 დაწესებულებაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით პერიოდში დაწესებულებაში დაფიქსირდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა, მათგან 1 იყო სხვა მსჯავრდებულისს მიერ მიყენებული ფიზიკური დაზიანების შედეგად, 5 თვითდაზიანება და 11 - საყოფაცხოვრებო ტრავმა.

"საგულისხმოა გაურკვეველი წარმომავლობის, ასევე საეჭვო ხასიათის და ლოკალიზაციის ტრავმები, საუბარია შემთხვევებზე, როცა პატიმარი დაზიანების წარმომავლობად მიუთითებს საყოფაცხოვრებო ტრავმას, მაგრამ დაზიანების ლოკალიზაცია და ხასიათი ეჭვს ბადებს, რომ დაზიანება შეიძლება მიყენებული იყოს სხვა პირის მიერ", - ნათქვამია ანგარიშში.

მონიტორინგი 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.