საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის შეფასება "შეთანხმების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების" ფარგლებში და ასევე, საქართველოში "დაფინანსების გაფართოებული მექანიზმის" პროგრამის მეორე მიმოხილვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხადრაჭერილი საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა. აღნიშნული პროგრამა 2017 წლის 12 აპრილს დამტკიცდა და ითვალისწინებს 210.4 მლნ SDR-ის (დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარი) უზრუნველყოფას ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად.

აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიმოხილვის წარმატებით დამტკიცება საქართველოსთვის ხელმისაწვდომს ხდის 30 მილიონ SDR-ის (42.25 მილიონი აშშ დოლარი). დარჩენილი თანხას ქვეყანა მიიღებს პროგრამის განმავლობაში მომდევნო ორი წლის მანძილზე, ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.

"საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სსფ-ის პროგრამის ფარგლებში. დეკემბრის ბოლოსთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი შესრულდა, ამასთან, მათი უმეტესობა გადაჭარბებით. ასევე, შესრულდა სტრუქტურული ორიენტირების უმეტესი ნაწილი. ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო, ინფლაციამ დაიკლო, ფისკალური და საგარეო ეკონომიკური პოზიციები გაუმჯობესდა, ხოლო სახელმწიფო ვალი განაგრძობს შემცირებას. მნიშვენელოვანი პროგრესია სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისითაც. საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მქონე შესაძლო რისკები დაბალანსებულია, თუმცა საქართველო კვლავაც მოწყვლადია საგარეო შოკების, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორებში საბაზრო მერყეობის მიმართ. გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარჩენილი მოწყვლადობების მოსაგვარებლად და უფრო მაღალი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა სხდომის დასასრულს სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა.

მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკა კვლავაც ვითარების შესაბამისია.

„ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ფრიად გამოადგა საქართველოს და არსებული რეჟიმის გაძლიერებაზე ზრუნვა კვლავაც უნდა გაგრძელდეს. ცენტრალურმა ბანკმა უნდა განაგრძოს დაკვირვება ფასებსა და ხელფასებზე მოქმედ ფაქტორებზე ისევე, როგორც მონეტარულ და ფინანსურ პირობებზე, რათა კვლავაც უზრუნველყოს შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის გატარება. პროგრამის ფარგლებში გატარებულმა ფინანსური სექტორის რეფორმებმა გააძლიერა ფინანსური ზედამხედველობა და რეგულირება. თუმცა, კრიზისის მართვის ჩარჩო უნდა მოვიდეს შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რაც, მათ შორის მოიცავს სტრესის მართვის პროცედურების დახვეწას და ბანკების რეზოლუციისა და სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდების ჩარჩოების შექმნას. ზრდის ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმების გატარება უნდა დაჩქარდეს, რათა საშუალოვადიან პერიოდში კერძო სექტორი გახდეს ზრდის მამოძრავებელი ძალა. იმ რეფორმების გატარება, რომლებიც გაზრდის ინფრასტრუქტურულ ხარჯებს და გააუმჯობესებს განათლებასა და კონკურენტუნარიანობას, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის წინაპირობაა“, - აღნიშნა ტაო ჟანგმა.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა