ერთიან ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, ვიდეო დავალებებიც დაემატოს

ერთიან ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, ვიდეო დავალებებიც დაემატოს. აღნიშნულის შესაძლებლობაზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი საუბრობს.

„იქმნება კომპლექსური სისტემა, პლატფორმა, რომელშიც ჩაშენებული იქნება არა მარტო ეროვნული გამოცდები, არამედ, გამოსაშვები გამოცდებიც, ჩვენი შეფასებებიც. დიდი იმედი მაქვს, შემდეგ წელს ერთ ნაბიჯს კიდევ გადავდგამთ წინ. ანიმაცია და ვიდეო შესაძლოა ტესტურ დავალებებში იყოს გამოყენებული. მაგალითად, უცხო ენაში ან ბიოლოგიაში. ვთქვათ, აჩვენებ უჯრედის გამრავლებას და აბიტურიენტს სთხოვ, ახსნას ეს რა არის. დაახლოებით, ასეთი დავალებები საბუნებისმეტყველო საგნების - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის პედაგოგებისთვისაც გვქონდა, რომლებსაც ექსპერიმენტული ნაწილი მოვუმზადეთ.

ან მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მოსმენის უნარის დავალებებში, როდესაც, ვთქვათ, მანჰეტენზე უყვები რაღაცას და თან უჩვენებ რაზე ესაუბრები. შემდეგ უკვე კითხვებს უსვამ. ასევე, დიალოგში - უსმენს დიალოგს და პასუხებს სცემს. აქ ჟესტიკულაციაც მნიშვნელოვანია“, - აცხადებს მიმინოშვილი.

შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება ვიდეო დავალებები გამოცდებზე მომავალი წლიდან დაინერგოს, მისი თქმით, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

„ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სკოლაში ამას ასწავლიან და აბიტურიენტისთვის პრობლემას და ბარიერს არ წარმოადგენს, ამას ვერ შევთავაზებთ. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სკოლაში უცხო ენის გაკვეთილზე ასეთ რამეებზე ავარჯიშებენ, არ გვექნება უფლება გამოცდაზე ასეთი ტესტები დავახვედროთ აბიტურიენტს. თუმცა, შეგვიძლია რომ სკოლას შევთავაზოთ დახმარება. ამიტომ პლატფორმის მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობთ, ამის შემდეგ ბევრი რამ გვეცოდინება. წლის ბოლოსთვის დიდი იმედი მაქვს, რომ პლატფორმაზე მუშაობა დასრულდება და ნიმუშებიც მომზადდება, რომ სკოლაშიც ივარჯიშონ მსგავსი დავალებების ამოხსნაზე. პირველ რიგში, ამას საპილოტე ხასიათი ექნება“, - აღნიშნავს მაია მიმინოშვილი.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს