გიორგი მიქაუტაძე - თუ ვინმეს ერთხელ მაინც შეეზღუდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ამის მტკიცებულება მაჩვენონ - ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია

საია-ს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ანგარიშში გარკვეული საკითხები შეფასებულია ცალმხრივად, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის საქმიანობის შესახებ. მისი თქმით, ანგარიშში გარკვეული ერთეული საკითხები განზოგადებულია.

"წარმოდგენილ ანგარიშში გარკვეული საკითხები შეფასებულია ცალმხრივად. არის მოყვანილი ერთეული საგამონაკლისო შემთხვევები და ამ შემთხვევების განზოგადებაა გაკეთებული იმგვარად, რომ ეს საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობად წარმოჩნდეს. ეს არასწორია. თუმცა, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ასეთი ანგარიში. ყურადღებით გავეცანით მას და არის რიგი საკითხები, რასაც აუცილებლად გავიზიარებთ. შევეცდებით ამ მიმართულებებით გაუმჯობესდეს საბჭოს საქმიანობა",- განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობა მაქსიმუმამდეა მისული.

"ერთადერთი, რაც კონკრეტული არგუმენტი მოვისმინე, იყო კამერების დაშვება საბჭოს სხდომაზე, თუმცა ეს შეუძლებელია იმ მცირე დარბაზიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს. იყო რეკომენდაცია ერთი კამერა მაინც დაუშვითო, მაგრამ ესეც დისკრიმინაციული მიდგომა იქნება, რადგან რომელიმე მედიასაშუალებას ვანიჭებთ უპირატესობას",- განაცხასა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, ცალმხრივი და ტენდენციურია შეფასებები განსხვავებული აზრის დევნასთან დაკავშირებით.

"ამ ორგანიზაციების თანამშრომლები პირადად ესწრებიან სხდომებს. კონკრეტული ჩანაწერები უნდა იყოს გაკეთებული თუ რა მიიჩნევა განსხვავებული აზრის დევნად. ის, რომ ჩვენ ყველა ჯერზე არ ვეთანხმებით ორი არამოსამართლე წევრის მოსაზრებებს, ის, რომ კოლეგიური ორგანო გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობით, არ შეიძლება ჩაითვალოს განსხვავებული აზრის დევნად. თუ ვინმეს ერთხელ მაინც შეეზღუდა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა საბჭოს სხდომაზე, ამის მტკიცებულება მაჩვენონ და გაგცემთ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია",- განაცხადა საბჭოს მდივანმა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეექვსე, 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამოყოფდა ორ ძირითად პრობლემას - გამჭვირვალობას და განსხვავებული აზრის დევნას. მისი თქმით, გასხვავებული აზრის დევნა ეხება განსაკუთრებით არამოსამართლე წევრებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს