თინა ბოკუჩავა - 19 ოპოზიციური პარტია ერთობლივ დოკუმენტზე მსჯელობს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს

19 ოპოზიციური პარტია ერთობლივ დოკუმენტზე მსჯელობს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებსა და ვადამდელი არჩევნების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

„19 ოპოზიციური პარტია მსჯელობს ერთობლივ დოკუმენტზე, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს საარჩევნო კანონმდებლობაში, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში. ჩვენ უახლოეს მომავალში ამ ერთობლივ დოკუმენტს შევთავაზებთ არასამთავრობო სექტორს და ხელისუფლებას. თუ ხელისუფლებას სურს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ჩატარდეს რეალურად თავისუფალი არჩევნები, რომელიც რეალურად ასახავს ჩვენი მოქალაქეების ნებას, მაშინ ცხადია, მათ უნდა გაითვალისწინონ ის ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ შევთავაზებთ. არსებული საარჩევნო მოდელი ვერ უზრუნველყოფს თავისუფალ არჩევნებს, ის უბრალოდ აძლევს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. საუბარია ძირეულ ცვლილებებზე, როგორც საარჩევნო სისტემაში, ასევე დაფინანსებაში და ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში. ახლა "ქართულ ოცნებას" მონოპოლიზებული აქვს მთელი საარჩევნო ადმინისტაცია და შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს იმის შესაძლებლობას არ აძლევს, რომ პარიტეტულად იყვნენ წარმოდგენილნი", - განაცხადა ბოკუჩავამ.

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს შექმნილი ვითარება ერთმნიშვნელოვნად არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ვხედავთ, რომ ამას თავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლების დიდი ნაწილი აღიარებს და საუბრობენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. საზოგადოებაში კი ეს მოლოდინი ძალიან მაღალია, მაგრამ მთელი ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი ვთანხმდებით, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება არსებული საარჩევნო სისტემით არაფრის მომცემი და კიდევ უარეს კრიზისში შემყვანი პოლიტიკური პროცესია.

ყველა შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ უნდა ჩატარდეს საარჩევნო სისტემის ცვლილებით. ჩვენ ამ მიმართულებით ხელისუფლებას ვთავაზობთ რამდენიმე ინიციატივას: საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, გერმანული მოდელის შემოღება მხოლოდ საკანონმდებლო კოდექსში შესატანი ცვლილებების გატარების ხარჯზე და ერთგვარი სამხარეო პროპორციული სისტემის ნაირსახეობა, რომელიც ასევე დაკვირვების საგანი შეიძლება გახდეს", - განაცხადა ახვლედიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა