იურიდიული დახმარების სამსახური - საქართველოს მოქალაქეები უფასო იურიდიულ დახმარებას ტელეფონით მიიღებენ

იურიდიული დახმარების სამსახურში სატელეფონო კონსულტაციების ქოლ-ცენტრი ამოქმედდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, (032) 2920055 - აღნიშნულ ნომერზე დარეკვით მოქალაქეები კვალიფიციური იურისტის კონსულტაციისა და დახმარების მიღებას შეძლებენ.

„ქოლ-ცენტრის კონცეფციის მომზადება, მისი ტექნიკური აღჭურვა და თანამშრომლების გადამზადება ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელდა მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

იურიდიული დახმარების სამსახურში ქოლ–ცენტრის ამოქმედების საჭიროება მოქალაქეთა მომართვიანობის გაზრდამ განაპირობა. 2017-2018 წლებში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი საგრძნობლად გაფართოვდა. მომსახურებამ მოიცვა შრომითი და უძრავ ნივთებთან დაკავშირებული დავები, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ხოლო მოქალქეებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

ქოლ-ცენტრის ამოქმედება საშუალებას აძლევს იურიდიული დახმარების სამსახურს უფრო ზედმიწევნით დაიცვას მისი საქმიანობის მთავარი პრინციპი და დროული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს.

ქოლ-ცენტრის მეშვეობით ადვოკატის რჩევის მიღებას ნებისმიერი მოქალაქე შესძლებს, მისი გადახდისუნარიანობისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახურის სრული სერვისი - მაგალითად, ადვოკატის მომსახურება და სასამართლოში წარმომადგენლობა - როგორც ადრე, მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდება“, - ნათქვამია იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ქოლ–ცენტრის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, იურიდიული დახმარების სამსახურმა საკონკურსო წესით ოთხი კონსულტანტ–ოპერატორი შეარჩია, რომლებმაც შესაბამისი ტრენინგი გაიარეს.

როგორც სამსახურში განმარტავენ, ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით, ქოლ-ცენტრის ოპერატორები ოთხ კონსულტაციას ერთდროულად ჩაატარებენ, რაც საგრძნობლად გაზრდის ქოლ-ცენტრის ოპერატიულობასა და ეფექტიანობას.

ცნობისთვის, იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფს და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის მიმართ.

სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების ორი ბიუროსა და შვიდი საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

„დაარსების დღიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეულია 170 ათასზე მეტი კონსულტაცია, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო და ონლაინ–დახმარების მეშვეობით. დისტანციური მომსახურების დაახლოებით 60% სწორედ სატელეფონო კონსულტაციებზე მოდის, დანარჩენი კი სხვადასხვა ონალინ პლატფორმის (ფეისბუკი, სკაიპი, ელფოსტა) საშუალებით ხორციელდება. სამსახურის ვებგვერდზე www.legalaid.ge და სოციალური ქსელის გვერდზე facebook/legalaid.ge მუშაობს ონლაინ–ჩათი, რომელსაც მოქალაქეები მათთვის საინტერესო სამართლებრივ კითხვებზე პასუხების მისაღებად მიმართავენ.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იურიდიული დახმარების სამსახურთან მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობენ. ბოლო წლებში ამ მრავალმხრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა იურიდიული სამსახურის რეორგანიზაცია მართვის თანამედროვე პრინციპების შესაბამისად, შეიქმნა განხილული საქმეების ქეისბანკი, განახლდა იურიდიული დახმარების სამსახურის ვებ-გვერდი და მოხდა მისი ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისათვის, გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ადმინისტრაციული ოფისი თბილისში, ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგი იურისტებისა და კონსულტანტებისათვის.

ევროკავშირის (EU) პროგრამა EU4Justice, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონ ევროს შეადგენს, საქართველოსა და ევროკავშირის ჩარჩო თანამშრომლობის ნაწილია. პროგრამის მხარდაჭერით სარგებლობენ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ასევე სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციები“, - ნათქვამია სამსახურის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა