კობა გვენეტაძე - ხშირად სესხები ისე გაიცემოდა, რომ არ ხდებოდა მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა - ნახევარ მილიონამდე მსესხებელს დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება

საფინანსო სისტემაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკების შემცირებას, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

“ფინანსური სტაბილურობა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. ამ მხრივ 2017 წელი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინიციატივებით, რომლებიც ფინანსურ სტაბილურობას და საბანკო სისტემის მდგრადობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. 2017 წლის დეკემბერში ”საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება სრული ზედამხედველობა გაუწიოს არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობას. აღნიშნული უფლებამოსილება კანონის მიხედვით ეტაპობრივად შედის ძალაში 2018 წლის განმავლობაში და 2019 წლის 1 იანვრისათვის. შედეგად, თანაბარი რეგულირება და ზედამხედველობა განხორციელდება მთელ საფინანსო სექტორზე (გამონაკლისია სადაზღვევო სფერო, რომელსაც ცალკე მარეგულირებელი ჰყავს), იმისათვის, რომ ფიზიკური პირების თანხები მაქსიმალურად იყოს დაცული არამართლზომიერი ქმედებებისაგან. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში, დაკრედიტებაში გაზრდილი ფიზიკური პირების სესხების წილი პოტენციურად მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკებს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი საკრედიტო დანაკარგების რისკი და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე დაბალია, ანალიზი მომავალში ჭარბვალიანობის ზრდასა და შედეგად, ფინანსური სტაბილურობის რისკების მატების ალბათობაზე მიანიშნებს. ეს გარემოება უფრო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების აუცილებლობაზე მიუთითებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემოდა ისე, რომ არ ხდებოდა მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა. მისივე თქმით, ნახევარ მილიონამდე მსესხებელს საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი და ასეთი მსესხებლების 45%-ს ვალდებულებებზე მიმდინარე ვადაგადაცილება აქვს.

“მცირე მოცულობის სესხები კონცენტრირებულია დაბალშემოსავლიან და დაბალგადახდისუნარიან მოსახლეობაზე. ამ მსესხებლების ვალის ტვირთის ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბოლო წლებში არარეგულირებადი კრედიტორებისა და კრედიტის მიწოდების იმ ინტერნეტ არხების მომრავლება იყო, რომლებიც აგრესიული მარკეტინგით ახდენდნენ სესხების გაცემას. ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის იანვრის საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მიიღო უფლებამოსილება დაარეგულიროს სესხის ყველა გამცემი, რომელსაც 20-ზე მეტი მსესხებელი ჰყავს. შედეგად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტები თანაბრად გავრცელდება ყველა გამსესხებელზე. უკვე შექმნილია აღნიშნული რეგულაციის სამუშაო ვერსია და მიმდინარეობს კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან. დოკუმენტი ეფუძნება სამომხმარებლო დაკრედიტების რეგულირების ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს, რომლის ძირითადი პრინციპის მიხედვით, სესხის გაცემამდე კრედიტორმა უნდა შეაფასოს, შეუძლია თუ არა მსესხებელს ვალდებულებების გასტუმრება საკონტრაქტო ვადაში ფინანსური სირთულეების გარეშე. ამ ფონზე, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ადეკვატური ღონისძიებების სწრაფად განხორციელება, რომ არ მოხდეს ჭარბვალიანობის პრობლემების გაღრმავება და მეორე მხრივ, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ რეგულაციების რადიკალურად გამკაცრებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დაკრედიტების ჩრდილოვან ფინანსურ სექტორში გადანაცვლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგულირებელი ღონისძიებების განხორციელება სწრაფად, თუმცა თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მიმდინარეობს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა