პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი არ ადასტურებს, რომ მთავარი პროკურორის პოსტი შესთავაზეს

არ ვადასტურებ იმას, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით შემოთავაზება და რაიმე სახის კონსულტაცია მქონია, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ხედავთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესებზე გამოვდივარ, როგორც რიგითი პროკურორი. ვხელმძღვანელობ საკმაოდ მნიშვნელოვან დეპარტამენტს, რომელიც ორი დღის წინ საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგა. ამდენად, მიმაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები გამაჩნია. არ ვადასტურებ იმას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემოთავაზება და რაიმე სახის კონსულტაცია მქონია", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნას, პასუხობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს.