თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ღონისძიება გაიმართა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ორი წლისაა. ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში DIB სკოლის როლზე გაამახვილა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, DIB სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. ამ კონტექსტში მან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და ნატოს ექსპერტთა ჯგუფს, პროექტის ლიდერ და მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორ ქვეყანას, გერმანიას, ასევე, ნიდერლანდების სამეფოს, იტალიას, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, DIB-სკოლის გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სტუმრებს ანგარიში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია გვენეტაძემ წარუდგინა.

მათივე ცნობით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) იუბილე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანმა, შტეფან ანიქოფერმა, საქართველოში გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვაკეთის, თურქეთის რესპუბლიკის ელჩებმა მიულოცეს. მათ სკოლის მიღწევები შეაფასეს და ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ღონისძიება ოფიციალური მიღებით გაგრძელდა, რომელიც მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ბენდმა გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ორი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოპუსის, არასამთავრობო სექტორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ვითარდება.

„სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა,

„საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და გადამზადებული პერსონალის რაოდენობის შესახებ ანგარიშში აღნიშნა და ხაზი გაუსვა იმ როლს, რომელსაც სკოლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებისათვის ასრულებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს