ირაკლი კოვზანაძე - დღეს ეროვნულ ბანკს აკისრია სრული პასუხისმგებლობა საბანკო და არასაბანკო სექტორის ზედამხედველობაზე

დღეს ეროვნულ ბანკს აკისრია სრული პასუხისმგებლობა საბანკო და არასაბანკო სექტორის ზედამხედველობაზე, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ეროვნული ბანკის 2017 წლის საქმიანობა მიმოიხილა და შედეგები შეაჯამა.

“ჩვენ ფინანსური სექტორის ზედამხედველობა-რეგულირება დავაბრუნეთ ეროვნულ ბანკში, მივიღეთ კანონი “დეპოზიტების დაზღვევის სისტების“ შესახებ, ასევე "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, გამკაცრდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და კაპიტალიზაციის კუთხით და ა.შ. ახლა უკვე ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ინსტრუმენტი და, ამავე დროს, აკისრია სრული პასუხისმგებლობა საბანკო და არასაბანკო საფინანსო-საკრედიტო სისტემის საქმიანობის კონტროლის კუთხით“, - განაცხადა კოვზანაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საფინანსო სექტორში ლარიზაციის მიმართულებით პროგრესი დაფიქსირდა.

“დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე - 5%-ით, ხოლო სესხებზე - 8%-ით შემცირდა, რაშიც პოზიტიური როლი სხვა ფაქტორებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებებმაც შეასრულა. დადებითი შედეგები მოიტანა ასევე პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს მიღებულმა კანონთა პაკეტმა, რომელიც კომერციული ბანკებისთვის არაპროფილურ ბიზნესებში წილის ფლობის აკრძალვას ითვალისწინებდა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთისთვის მაქსიმალური ზღვრის დაწესებაზე, რომელიც ამ ეტაპზე 100%-ია და განიხილება მისი შემდგომი შემცირება 50%-მდე.