ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაამართლებს

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლო ძალაში არ დატოვებს და სააკაშვილი გამართლდება.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომლის მიხედვით, მას პროკურატურა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

როგორც სააპელაციო სასამართლოში ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმეზე პირველმა ინსტანციამ სააკაშვილს უკანონო განაჩენი გამოუტანა, ვინაიდან, მისივე განმარტებით, საქმე სააკაშვილის მიმართ მტრულად განწყობილ პირთა ჩვენებებს ეყრდნობა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის უფლებების დასაცავად საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართოს.

„დღეს ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ და შევაჯამეთ ყველა ის დარღვევა, რომელიც განხორციელდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის დროს. კიდევ ერთხელ მივუთითებ, რომ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი ჩვენება. საქმე მხოლოდ ირიბ ჩვენებებს ეყრდნობა. საქმე ეყრდნობა პოლიტიკურად დაინტერესებული პირების ჩვენებებს, მიხეილ სააკაშვილის მტრების ჩვენებებს და ეს პირები არიან ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი და ა.შ. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი სააკაშვილის განადგურებაა. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკანონოა", - განაცხადა კაკოიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო