ანრი ოხანაშვილი - საზოგადოების უნდობლობა გაჩნდა სამი მთავარი საკითხის - ფარდულის დემონტაჟის, „გაღუნული“ დანის და მირზა სუბელიანის ფაქტორის გამო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ძირითადი კითხვები, რამაც მოსახლეობის უნდობლობა გამოიწვია, ეხებოდა მტკიცებულებების განადგურებას - ფარდულის დანგრევას, დანის გაღუნვასა და მირზა სუბელიანის ფაქტორს, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კომისიის მუშაობის მიზანია, პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს.

„ამ სამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან კრიტიკული შეკითხვები, თუ რა მოხდა და რა არის ფარდულის დემონტაჟის მიზეზი - მოხდა თუ არა ნებართვის გაცემა ვინმეს მხრიდან - პოლიციის მხრიდან, პროკურატურის მხრიდან... პასუხი მივიღეთ, რომ ამ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა უშუალოდ იქ მცხოვრები ადამიანების მიერ, რის შესახებაც ინფორმაციაც საერთოდ არ მიუწოდებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ამიტომ პირველი ეს ყბადაღებული თემა, ფარდულის დემონტაჟის საკითხი, რომელზეც აზრი იყო შექმნილი, თითქოს ამის ნებართვა გასცა რომელიმე ორგანომ, არ დასტურდება. მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა, რა საფრთხე შეექმნა ამით მკვლელობის საქმეს და რა შეიძლება კიდევ ამ ფარდულში განხორციელებულიყო, თუ მისი დემონტაჟი არ მოხდებოდა. ამაზე პასუხი იყო, რომ ფარდულის აღდგენა ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შესაძლებელია იგივე პარამეტრებით... რაც შეეხება დანის გაღუნვას, აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის, როგორც ეს ჟღერდებოდა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.