თინათინ ზოიძე - აჭარაში უცხოელების ვიზიტი, წინა წელთან შედარებით, უკვე 28 პროცენტითაა გაზრდილი

ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა და საზღვაო კურორტებს შორის ბათუმი წელსაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. რომელ ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობს აჭარის რეგიონი ვიზიტორებს და როგორ გავხადოთ დასვენება უფრო მრავალფეროვანი, - ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის "ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს" დირექტორი თინათინ ზოიძე ესაუბრა.

- ქალბატონო თინათინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა. ბათუმი როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი საზღვაო კურორტია. წლევანდელ ზაფხულს რამდენად დატვირთულია ბათუმი დამსვენებელთა რაოდენობით?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წელს ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი გაცილებით ადრე დაიწყო. მარტის თვიდან ქალაქში უკვე შეინიშნებოდა ძალიან ბევრი ჯგუფი. პირველი ხუთი თვის მონაცემების მიხედვით, რომელიც როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე სარფის საბაჟოს და პორტის მონაცემებს ასახავს, აჭარაში უცხოელების ვიზიტი წინა წელთან შედარებით 28 პროცენტითაა გაზრდილი და ის ციფრებში 497 000-მდე ვიზიტს ითვალისწინებს. გაზრდილია უცხოელი სტუმრების რაოდენობა მაღალმთიან აჭარაშიც. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 98%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში.

- რა შესაძლებლობებს სთავაზობს ბათუმი ტურისტებს იმისათვის, რომ დასვენება რაც შეიძლება მრავალფეროვანი გამოვიდეს? თუ არის მოთხოვნა, რომ ზღვის კურორტზე მყოფმა დამსვენებელმა ამავდროულად მთაც მოინახულოს და ამისათვის შორ მანძილზე არ მოუხდეს წასვლა?

- ჩვენი მხრიდან ამ კუთხით ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რადგან ბათუმის და ზოგადად, აჭარის რეგიონის ყველაზე ძლიერი მხარე არის მთისა და ზღვის სიახლოვე. მუნიციპალიტეტების მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარშრუტების დივერსიფიკაცია მოვახდინეთ. გამოიკვეთა საკმაოდ მრავალფეროვანი მარშრუტები, რომელთა შეთავაზებაც ტურისტებისთვის შეგვიძლია.

ზოგადად, მაღალმთიან აჭარაში ნებისმიერ ლოკაციაზე შესაძლებელია სამსაათ-ნახევარში მისვლა და ერთი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო ადგილების ნახვა. კულტურული ტურებით დაინტერესებულ ვიზიტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ - მაჭახელას ხეობა, სხალთისა და ხიხანის მიმართულება. სოფლის ტურიზმის მოყვარულებს შეუძლიათ ისარგებლონ - სოფელ მერისის, ნიგაზეულის, გობრონეთის, სახალვაშოს და ჩაისუბნის მიმართულებებით არსებული მარშრუტებით. ღვინის ტურიზმის მოყვარულები აუცილებლად უნდა ესტუმრნონ ქედის მუნიციპალიტეტს და მოინახულონ ისეთი სოფლები, როგორიცაა - ვაიო, პირველი მაისი, აჭარის წყალი, დანდალო, გეგელიძეები და ა.შ. პოპულარულია აგრეთვე ეკო-ტურიზმის მარშრუტები - მტირალას, კინტრიშის, მაჭახელას ეროვნული პარკი და ისპანის ჭაობი. გარდა ამისა, მოკლე საველოსიპედო გასვლებისთვის ძალიან საინტერესო ლოკაციებია მირვეთის ველო მარშრუტი და თხილნარ-ჭარნალის ტერიტორია.

- რამდენად მომზადებული ხვდება აჭარის რეგიონი ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობას ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით?

- უნდა აღინიშნოს, რომ მარშრუტების ძირითად ნაწილზე უკვე დასმულია მანიშნებლები, გაუმჯობესებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზრდილია საოჯახო სასტუმროების რაოდენობა. ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი კულინარია და ფოლკლორიც. თვითონ ადგილობრივები ცდილობენ სტუმრებისთვის პატარა შოუების მოწყობას და შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად გაზრდილია ადგილობრივი მეწარმეების მოტივაცია, რომ რაც შეიძლება საინტერესო ტურისტული პროდუქტები შესთავაზონ სტუმრებს.

- მათ, ვისაც მაღალმთიან აჭარაში რამდენიმედღიანი სათავგადასავლო მარშრუტით სარგებლობა სურთ, რომელი ადგილების ნახვას ურჩევთ?

- ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ძალიან საინტერესოა ჩირუხის, ხიხანის და გოდერძის მიმართულებები. ასევე ქობულეთში ტბიყელის ტბა, რომელიც გამორჩეულად ლამაზია. დასახელებული ადგილები 2-3 დღიანი მარშრუტებია, რომლებიც თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებს ძალიან მოსწონთ.

- ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ უცხოელმა სტუმრებმა, არამედ ქართველმა დამსვენებლებმაც არ იციან, როგორ მოახერხონ მრავალფეროვანი აქტივობების ორგანიზება. ვის უნდა მიმართოს ტურისტმა იმისათვის, რომ ტურისტული შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს?

- ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს არსებული მარშრუტების, რუკების, გიდების, ტურისტული სააგენტოების და ა.შ. შესახებ ინფორმაციის/რეკომენდაციის მიღება, უნდა მიმართოს ჩვენს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტშია გახსნილი. ბათუმში სულ ხუთი საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს - სარფის საბაჟოსთან, აეროპორტში, რკინიგზის სადგურში, საბაგიროს მიმდებარედ და ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში. აღნიშნულ ცენტრებში ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამ ენაზე სრულიად უსასყიდლოდ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ცხელი ხაზით (577-90-90-93 ან 577-90-90-91) ან ესტუმროთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.gobatumi.com

მარიამ დემეტრაშვილი

“ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს