ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2018

ოლეგ პაპასკირი - ჟიული შარტავასა და 40-ზე მეტი ქართველის მკვლელი "შავ სიაში"

ქალები და კაცები პენსიაში შეიძლება, 63 წლის ასაკიდან გავიდნენ

***

ოლეგ პაპასკირი - ჟიული შარტავასა და 40-ზე მეტი ქართველის მკვლელი "შავ სიაში"

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციან სიაში არიან ქართველების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სასტიკი ხოცვის ხელმძღვანელები - ოლეგ პაპასკირი და ოთარ ფალავანძია, რომლებმაც სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტებერს, დახვრიტეს: აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და დაცვის წევრები, ჯამში - 40-ზე მეტი ქართველი. სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავასა და ათეულობით სხვა ადამიანის დახვრეტა, რომლებმაც ალყაშემორტყმული ქალაქი შეგნებულად არ დატოვეს, გახდა სიმბოლური აქტი, რომლითაც სეპარატისტებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართველების დამარცხებასა და განადგურებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ოლეგ პაპასკირი - ჟიული შარტავასა და 40-ზე მეტი ქართველის მკვლელი "შავ სიაში" / "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" კიდევ ერთი ფიგურანტი, სავარაუდოდ, მკვდარია

"ამ ომმა 15 000-მდე ეთნიკური ქართველის სიცოცხლე შეიწირა. მათი დიდი ნაწილი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ამბობს, როგორ დახვრიტეს 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში დარჩენილი 40-ზე მეტი ქართველი, ზუსტი ინფორმაცია უცნობია. არსებობს სხვადასხვა ვერსია. მისი თქმით, ჯერ ყაბარდოელებმა შემოარტყეს ალყა და აიღეს სოხუმის მინისტრთა საბჭოს შენობა, სადაც ჟიული შარტავა და მინისტრთა საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ. მაშინ ჟიული შარტავამ ხელშეუხებლობაზე დაპირება მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვისგან, რომელიც სეპარატისტების ლიდერ ვლადისლავ არძინბას ახლდა. ეს დაპირება არ შესრულდა და შემდეგ მოსულმა მეორე ჯგუფმა, რომლებიც აფხაზებისგან შედგებოდა, წაიყვანა ყველა ტყვე და დახვრიტა. ის თვლის, რომ არძინბას გარეშე და კრემლთან შეთანხმების გარეშე შარტავასა და სხვა თანამდებობის პირების დახვრეტას ვერავინ გაბედავდა და ეს უშუალოდ სწორედ არძინბას დავალება იყო, რომელიც ოლეგ პაპასკირმა შეასრულა (თუმცა არის სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ტყვეების დახვრეტას არძინბას დიდი აღშფოთება მოჰყვა)", - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, პაპასკირი, ისევე როგორც სიის ზოგიერთი სხვა წევრი, ახლა გარდაცვლილია. როგორც ვიცი, ოლეგ პაპასკირი გარდაცვლილია. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ჟიული შარტავასა და 40-ზე მეტი ქართველის დახვრეტა. ეს ყოვლად გაუგონარი ამბავი იყო, რადგან კონფლიქტის მონაწილე არც ერთი მხარე, თუ ის ნორმალურია, არ დახვრეტს ტყვეებს. ტყვე კონვენციით არის დაცული. პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების არა მარტო მკვლელობა, არამედ დევნაც კი ითვლება გენოციდის მუხლად, ამიტომ ლოგიკურად არ იყო სწორი შარატავას მკვლელობა, მაგრამ ეს მოხდა. პასტუხოვი იყო ჩართული ამ საქმეში და გარანტი იყო, რომ ამ ადამიანებს არ დახვრეტდნენ, მაგრამ დახვრიტეს. იქ ძირითადად სამოქალაქო პირები იყვნენ, პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც დაცვის სხვა გარანტიები აქვთ. შენობიდან გამოყვანილი ყველა ადამიანი ჩასხეს მიკროავტობუსებში და წაიყვანეს", - განაგრძობს გამოცემა.

"არის რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, ამ ადამიანების ნაწილი დახვრიტეს აჩადარის ტერიტორიაზე, სოხუმთან, სადაც 9 აპრილის მემორიალი იყო, მეორე ნაწილი - გუდაუთაში, სოფელ ააცში. ასევე არის ვერსია, რომ ნაწილი დახვრიტეს მინისტრთა საბჭოს შენობის წინ, მოედანზე, ნაწილი - აჩადარაში, ნაწილი - გუდაუთაში. ზუსტად როგორ მოხდა, ეს არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ დახოცეს ყველა. ვერსიაა, რომ შარტავა წაყვანილია აჩადარაში და იქაა მოკლული 9 აპრილის მემორიალთან. ოლეგ პაპასკირი იყო ამ მკვლელობის შემსრულებელი, ბრძანება ვინ გასცა, ეს სხვა ამბავია. ამ ადამიანებიდან მხოლოდ ჟიული შარტავა და მისი დაცვის 2 წევრი იყო თავიდან გადმოცემული, დანარჩენები კი, ამდენი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლახან გადმოვასვენეთ", - ამბობს გვაზავა. ოლეგ პაპასკირის სახელს იხსენებს სეპარატისტების მხარეს მებრძოლი რუსი ჯარისკაციც, რომლის აღიარებაც ინტერნეტით გავრცელდა. რუსი ჯარისკაცი ჰყვება, რომ ის აფხაზეთში საკუთარი ნებით 1993 წლის გაზაფხულზე ჩავიდა, რადგან თვლიდა, რომ "პატარა აფხაზი ერის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ წმინდა საქმეა", მაგრამ შეცდა და ჰყვება, როგორ ყრიდნენ ადამიანებს ჭაში, ხოცავდნენ ბავშვებს, ხოცავდნენ პირადი ანგარიშსწორებების გამო, თან - უბრალო მიზეზების გამო, რომ ამის დაჯერება რთულია. ის იხსებებს, სოხუმის დაცემის დღეს როგორ ნახა მთავრობის წევრების დახვრეტილი ცხედრები და რომ დახვრეტას ხელმძღვანელობდა ოლეგ პაპასკირი. მისი თქმით, ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო და მისი მეტსახელი იყო "ჯოკერი", - დასძენს გამოცემა.

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" 321 არის ოთარ ფალავანძია, 322 - ოლეგ პაპასკირი და ისინი 2000 წლის აპრილიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან. "შავ სიაში" აღნიშნულია, რომ ოთარ ფალავანძია და ოლეგ პაპასკირი იყვნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები და მათ 1993 წლის 27 სექტემბერს ტყვედ აყვანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ორივე მათგანს ბრალი ედება სისხლის სამართლის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის განზრახ მკვლელობა, მის სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით).

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის 33 წევრიდან ინტერპოლით იძებნება მხოლოდ ექვსი: რაშიდ კანჟი-ოღლი, ოლეგ პაპასკირი, ოთარ ფალავანძია, აფრიკან ბგანბა, ვახტანგ უბირია და ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი. ასევე გაირკვა, რომ სიის 6 წევრი უკვე გარდაცვლილია, მათ შორის - ოლეგ პაპასკირიც, ვინც ყველაზე სისხლიანი ხოცვის ავტორია. ასევე გარდაცვლილები არიან: სლავიკი ბადია, ეკა ახალაია, როზა მირცხულავა, ალიკ წარბია და ოთარ ტურნანბა. გია გვაზავა ამბობს, რომ აფხაზი სეპარატისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მთავარ პროკურატურაში 300 ტომი დევს, ამიტომ თვლის, რომ 33-კაციანი სია ძალიან ცოტაა, ბევრად მეტი ადამიანის მიმართაა სს-ის საქმე აღძრული და იმედი აქვს, რომ სია სულ მალე გაიზრდება", - წერს სტატიის ავტორი.

ქალები და კაცები პენსიაში შეიძლება, 63 წლის ასაკიდან გავიდნენ

“საპენსიო ასაკთან დაკავშირებით მთავრობა ცვლილებას გეგმავს. მართალია, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს მომავლის საკითხია, მაგრამ უკვე მიმდინარეობს საუბარი, რომ მამაკაცისა და ქალის საპენსიო ასაკი გათანაბრდეს. სავარაუდოა, რომ მთავრობა ბიუჯეტის დაზოგვას ცდილობს. თუკი მამაკაცების საპენსიო ასაკი ცოტათი შემცირდება, ქალებისა კი გაიზრდება, ასეულობით მილიონი ლარი დაიზოგება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ქალები და კაცები პენსიაში შეიძლება, 63 წლის ასაკიდან გავიდნენ / სახელმწიფოთ მთავარი მოტივი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაა

"2017 წლის მონაცემებით, მამაკაცების ოდენობა საქართველოში 1 788 600, ხოლო ქალების 1 939 400-ია. აქედან საპენსიო ასაკის ქალბატონების რაოდენობა 462 400-ია, ხოლო მამაკაცებისა - 204 500. ქვეყანაში საპენსიო ასაკის ქალბატონი გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცი. ყოველი 100 პენსიონერიდან 65-70 ქალია. იმ რეფორმით, რომელიც მთავრობამ დააანონსა, ნათლად ჩანს, რომ პენსიონერი კაცების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მკვეთრად შემცირდება ქალბატონების წილი. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საქართველოში საპენსიო ასაკი უნდა გათანაბრდეს. ზოიძის თქმით, საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე დისკუსია ამჟამად არ მიმდინარეობს, ეს მომავლის საკითხია. უმეტესი ქვეყანა, მოსახლეობის დაბერების გამო, საპენსიო ასაკს ცვლის, მათ შორის, ზრდის კიდეც. ჩვენთან ამაზე მსჯელობა მიდიოდა, მაგრამ მსგავს გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. შეიძლება, პენსიის გათანაბრება მოხდეს. ამაზე მსჯელობა ჯერ არც დაწყებულა, თუმცა სასურველი იქნება, რომ საპენსიო ასაკი გათანაბრდეს. აუცილებელი არ არის, 65 წელი იყოს, შეიძლება, 63 წელზე გათანაბრდეს. ეს მსჯელობის თემაა და ეს ჩემი პირადი აზრია, მსოფლიოში საპენსიო ასაკთან მიმართებით არსებული ტენდენციიდან გამომდინარე. გვინდა, ჩვენი პენსიონერები ღირსეული პენსიით უზრუნველვყოთ", - აღნიშნავს გამოცემა.

"სამომავლო რეფორმას ბოლომდე გამართლებულად არ მიიჩნევს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად სჭირდება და თუ ქალბატონებს (რომელთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცების) პენსიის ზღვარს გადაუწევენ, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გართულდება. საბიუჯეტო სახსრების დეფიციტსა და საპენსიო რეფორმას შეიძლება დავუკავშიროთ ხელისუფალთა განცხადება. საპენსიო ასაკის ქალები, რომლებიც ნამდვილად მეტნი არიან მამაკაცებზე, კიდევ სამი წელი უნდა დაელოდონ პენსიას? ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს. ჩვენთან რომ იყოს პენსია ისეთი, რომ ნორმალურ ცხოვრებისეულ პირობებს ქმნიდეს, კიდევ შეიძლება გვეფიქრა, მაგრამ ხალხს ეს ფული საარსებოდ სჭირდება. პირდაპირ გათანაბრება ძალიან ცუდ ვარიანტად მიმაჩნია, თუ მაინც ცვლილებას აპირებენ, სჯობს, ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ მოხდეს ეს ცვლილება, რადგან მოსახლეობამ (პენსიონერებმა) რთულად არ გადაიტანოს ახალი სისტემის ამოქმედება", - განაგრძობს გამოცემა.

"სატატისტიკოსი სოსო არჩვაძე კი არ გამორიცხავს, რომ ახალი ინიციატივა ბიუჯეტში სახსრების დაზოგვის მიზნით იყოს დამუშავებული. აქვე საყურადღებოა გენდერული თანასწორობაც, რომელიც კაცისა და ქალის უფლებებს ერთ დონეზე განიხილავს. როდესაც რაღაც ცვლილებაზეა საუბარი, ერთი ფაქტორი არ არის განმსაზღვრელი. დღეს პენსიონერების მთელი რაოდენობიდან 2/3-ზე მეტი ქალია და 1/3-ზე ნაკლები - მამაკაცი. განსაკუთრებით მაღალასაკობრივ ჯგუფებში შეიმჩნევა ამგვარი დიფერენცირება. ყველა ქვეყანაში ასეა. მაგალითად, საფრანგეთში პენსიაზე გასული ქალები ცხოვრობენ გაცილებით დიდხანს, ვიდრე კაცები. მეორე ფაქტორი ისაა, რომ შრომის როლი და გავლენა მცირდება, ტექნოლოგიები ისე ვითარდება, ცოცხალი ძალა საჭირო აღარ არის, განსაკუთრებით - ქალები. შრომითი შემსუბუქების პროცესი ეხება არა მარტო საწარმო პროცესს, არამედ ოჯახურ შინამეურნეობას, რომელიც ამსუბუქებს ქალის საქმიანობას. ქალს უფრო მეტი საშუალება აქვს, შრომა შეიმსუბუქოს, თუნდაც სარეცხი მანქანების, მტვერსასრუტების არსებობით. ამის გამო მათი სიცოცხლისუნარიანობაც მკვეთრად გაზრდილია, ვიდრე კაცებისა“, - დასძენს გამოცემა.

"ბიუჯეტში თანხის დაზოგვა და გენდერული თანასწორობა - ეს ის ორი ვარიანტია, რომლებსაც ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე მოსალოდნელ საპენსიო რეფორმას უკავშირებს. შეიძლება, მოდელი გადმოღებული იყოს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ქალბატონებისა და მამაკაცების ასაკი გათანაბრებულია. ორი კუთხით უნდა შევხედოთ ჩვენ ამ ამბავს: პირველი - წმინდა ფინანსური თვალსაზრისით, ბიუჯეტის ჭრილში, ხოლო მეორე - ქალისა და მამაკაცის გენდერული თანასწორობიდან გამომდინარე. ისინი, ვისაც მიაჩნიათ ქალისა და მამაკაცის პირობების გათანაბრება, აუცილებელია (როგორც შრომითი თვალსაზრისით, ასევე უფლებებიდან გამომდინარე), დისკრიმინაციულად მიიჩნევდნენ იმ ფაქტს, რომ ქალები უფრო ადრე აღწევდნენ საპენსიო ასაკს, ხოლო მამაკაცები - მოგვიანებით. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, თუ ქალბატონების საპენსიო ასაკი გაიზრდება, ეს ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, დანაზოგს მისცემს. შეიძლება, ახალ მოდელს საფუძვლად დაედოს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, როდესაც ქალბატონებისა და მამაკაცების ასაკი გათანაბრებულია. ფაქტია, რომ ბიუჯეტიდან დაიზოგება თანხა და გენდერული თვალსაზრისითად გარკვეული თანასწორობაც იქნება", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა