ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაზა სარალიძემ განუცხადა, საქმე ეხება, 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს.

ზაზა სარალიძის თქმით, ის ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებაში 12:00 საათისთვის არის დაბარებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული. მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. მცირე შეხლა-შემოხლის დროს სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა