კახა კალაძე სააკაშვილის განაჩენზე - კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორი, მნიშვნელობა არ აქვს ეს პრეზიდენტი იქნება თუ უბრალო ჩინოვნიკი

როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი მხოლოდ ერთ ნაწილში მიესაჯა, სხვა საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს. ამ ქვეყანაში თანამდებობით სარგებლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორი, მნიშვნელობა არ აქვს ეს პრეზიდენტი იქნება თუ უბრალო ჩინოვნიკი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა ყველა შეკითხვაზე ეპასუხა და მათ შორის, “სკაიპითაც,” რაზეც მან უარი განაცხადა. კალაძის განცხადებით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი შეკითხვებს გაურბის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალში - ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩამოერთვა

2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედება ბრალად. მასთან ერთად ამავე საქმეზე პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე მიეცნენ. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი. კერძოდ, ივანე მერაბიშვილს საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა