საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ოპერაცია “ენვერის“ დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის საკითხით დაინტერესდება. ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შესაბამის კითხვას, თუ რატომ იგებს ეს ადამიანი თავდაცვის და შს სამინისტროების მიერ ჩატარებულ ტენდერებს.
“სამწუხაროდ, მე ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ, სახელი და გვარიც პირველად მესმის, მაგრამ სიტუაციას მოვიკითხავ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სტუდია მონიტორის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პეტრე დევრიშაძე, რომელიც ოპერაცია “ენვერის” ფარგლებში “გრუსთან” თანამშრომლობას აღიარებდა და რომელიც საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს, დღეს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს მილიონობით ლარის ტენდერებს იგებს.