მაია მიმინოშვილი - წელს პირველად აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი კალამი შეიტანონ

მინდა ყველა აბიტურიენტს მივმართო, ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათზე მითითებული ინფორმაცია, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუბრისას განაცხადა.

დღეს მედიის წარმომადგენლები მაია მიმინოშვილთან ერთად, ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ. როგორც მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წელს პირველად აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში გელის (ტუშის) საკუთარი კალამი შეიტანონ გამოცდაზე.

"საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო. პორობითად ვამბობ, თუ 09:00 საათზე იწყება გამოცდა, აბიტურიენტი აუცილებლად 08:00 საათზე უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში. მინდა, აბიტურიენტებმა ყურადღება მიაქციონ და რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათზე მითითებული ინფორმაცია. არის შემთხვევები, როდესაც საგამოცდო ცენტრი ან დრო ეშლება აბიტურიენტს,"- განაცხადა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, წელს საგამოცდო ცენტრებმა უმაღლესი სასწავლებლებიდან საჯარო სკოლებში გადაინაცვლა.

"22 საგამოცდო ცენტრიდან მხოლოდ ერთია განთავსებული ბათუმის უმაღლეს სასწავლებელში. დანარჩენი საგამოცდო ცენტრები ძირითადად, გარეუბნების სკოლებშია განლაგებული. გარეუბნების სკოლები შევარჩიეთ იმიტომ, რომ ეს შენობები გვაძლევენ შესაძლებლობას, მართლაც მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩავატაროთ მთელი ეს პროცესი და აკმაყოფილებენ საგამოცდო ცენტრებისთვის აუცილებელ ძალიან ბევრ კრიტერიუმს. ყველა ამ შენობას აქვს დიდი და მაქსიმალურად გამწვანებული ეზო, რაც ასევე მნიშვნელოვანია ზაფხულის პერიოდში. აქედან გამომდინარე, რეგისტრაცია იწყება არა შენობიდან, არამედ ეზოს შემოსასვლელიდან,"- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კონდიცირების სისტემაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის გამართლების შემთხვევაში მომავალ წელს კონდიცირება ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება.

"რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, მინისტრის პირადი ინიციატივა იყო, რომ კონდიცირების სისტემა შემოეღო ყველა საგამოცდო ცენტრში, მაგრამ პილოტირების რეჟიმი წელს დაიწყო რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან. პილოტირების რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ თუ ამ ყველაფერმა გაამართლა, მომავალი წლისთვის საგამოცდო ცენტრებში მთლიანად ინფრასტრუქტურა მომზადდეს,"- აღნიშნა მიმიმოშვილმა

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი წელსვე აღჭურვილიყო კონდიცირების სისტემით, მიმიმოშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვას განათლების სამინისტრომ უნდა უპასუხოს.

მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტმა გამოცდაზე თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი, პირადობის მოწმობა, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გელიანი კალამი და წყალი. მაია მიმინოშვილმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა აბიტურიენტები, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიტანონ გამოცდაზე მობილური ტელეფონი. მისი აღმოჩენის შემთხვევაში აბიტურიენტი დაუყოვნებლივ მოიხსნება გამოცდიდან.

წელს ეროვნულ გამოცდებზე 39000-მდე აბიტურიენტი გავა. გამოცდები 2 ივლისიდან დაიწყება.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს