ევროპის სახალხო პარტიის წევრი - ვიმედოვნებთ, რომ ეკლესია დაინტერესებული იქნება იმით, რა ხდება ევროკავშირის შიგნით, ჩვენ კი გადმოვცემთ სიმართლეს ევროკავშირში არსებულ ვითარებაზე

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია დაინტერესებული იქნება იმით, თუ რა ხდება ევროკავშირის შიგნით, ხოლო ჩვენი მხრიდან კი გადმოვცემთ სიმართლეს ევროკავშირში არსებულ ვითარებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპარლამენტის და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა იან ოლბრიხტმა განუცხადა.

„რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, ეს არის რელიგიისა და ეკლესიების მნიშვნელოვანი და მზარდი როლი ევროკავშირის შიგნით. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სიტუაცია ძალიან რთულია. ეკლესია მნიშვნელოვანი აქტორია, განსაკუთრებით საქართველოში. ეს უკავშირდება საქართველოს ისტორიას, ტრადიციებს და ა.შ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეკლესია ასევე დაინტერესებული იქნება იმით, თუ რა ხდება ევროკავშირის შიგნით. ჩვენ ჩვენი მხრიდან გადმოვცემთ სიმართლეს ევროკავშირში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ ხშირად ვაწყდებით სტერეოტიპებს, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება რელიგიას, ზნეობის საკითხს, ოჯახს და ა.შ. არ უნდა მოხდეს ისეთი სტერეოტიპების გავრცელება, როგორიც არის ის, რომ თითქოს ევროპა ქრისტიანობის წინააღმდეგია, რომ ევროპაში მორწმუნეები არ არიან, რომ ეკლესიების წინააღმდეგ არიან. ეს ასე არ არის. ევროპა კომპლექსურია: სხვადასხვა ტრადიციებითა და დებატებით. უნდა წარმოვადგინოთ ევროპის რეალური სურათი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუტი და როგორც ხალხთა ერთობლიობა, ღია იქნება დებატებისთვის, დაინახოს ევროპის ჭეშმარიტი მხარე. მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაგება. ერთმანეთის გაგების გარეშე ჩვენ ვერ გადავჭრით ახალ გამოწვევებსა და პრობლემებს“, - განაცხადა იან ოლბრიხტმა.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა ევროპაში რუსეთის აქტიურობაზე.

„ჩვენ, როგორც ევროპარლამენტარები, რომლებიც მჭიდროდ ვმუშაობთ სხვადასხვა ეკლესიებთან, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის გარეთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის აქტიურობას ვაკვირდებით ევროპაში, რომელიც ხშირად ეკლესიებზე გავლენის მოხდენის მცდელობით ხორციელდება. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ ამას“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, დღეს ევროპაში არსებობს სეკულარიზმის ტენდენციები.

„ხშირად ამ სეკულარიზმს ვხედავთ, როგორც ევროკავშირის შედეგს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სახელმწიფოსა და რელიგიის განცალკევება ინსტიტუციონალური თვალსაზრისით. მაგრამ ამავდროულად, როდესაც ეკლესიაზე, როგორც ხალხთა ერთობლიობაზე ვსაუბრობთ, მაშინ თქვენ მათ ვერ დააცალკევებთ. ამიტომაც მივიჩნევ, რომ ეკლესიისა და რელიგიური თემების როლი მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. არანაირ პრობლემას არ ვხედავ იმაში, რომ ეკლესიასა და რელიგიას მნიშვნელობა ჰქონდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სეკულარიზაცია არ უნდა იყოს დამახასიათებელი ევროპისთვის. ჩემთვის ის, რაც საერთო უნდა იყოს ევროპისთვის დემოკრატიული ღირებულებებია: დემოკრატია, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, სამართალი და ა.შ.“, - დასძინა იან ოლბრიხტმა.

საქართველოში EPP-ის რელიგიისა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის წევრები ჩამოვიდნენ, რომლებიც „ეკლესიისა და რელიგიური თემების როლი ევროინტეგრაციის პროცესში – საქართველოსა და ევროკავშირის პერსპექტივიდან” თემაზე მსჯელობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა