გიორგი ჩერქეზიშვილი - ერთმნიშვნელოვანია, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე ის დადებითი გავლენა, რაც დღგ-ს ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემას აქვს

ერთმნიშვნელოვანია, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე ის დადებითი გავლენა, რაც აქვს დღგ-ს ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებულია 226 მლნ ლარი 6 თვის მდგომარეობით, რაც უკვე აღემატება 2017 წლის წლიურ მაჩვენებელს, ხოლო შარშანდელი 6 თვის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია.

„ივნისის ბოლოსთვის უკვე მობილიზებული იქნება 400 მლნ ლარის ზედმეტობის დაბრუნებისთვის საკმარისი რესურსი. ეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია ბიზნესისთვის, რაც აისახა კიდეც ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.