ზაზა სარალიძე - ძალიან დიდ შეცდომას ჩადის გიორგი გახარია, რომ ზვიად კუპრავასთვის უაზრო ბრალდების წაყენებას აპირებს

ძალიან დიდ შეცდომას ჩადის გახარია ამ შემთხვევაშიც, რომ ამ უაზრო ბრალდების წაყენებას აპირებს ზვიად კუპრავასთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობასთან განაცხადა, სადაც იგი 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ზაზა სარალიძის გამოკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში თითქმის 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შენობის დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები გაიხსენა, რატომ გამოვიდა ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან, რატომ ჩავიდა სასადილოში და რა მოხდა იქ.

ზაზა სარალიძემ ზვიად კუპრავასთვის წაყენებულ ბრალდებას სულელური უწოდა.

„ეს არის სულელური ბრალდება. მე ვერანაირ ბრალეულობას ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ სამართლებრივ გადაცდომას იქედან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად ყურადღებაა გამახვილებული იმ სიტყვებზე, რაც ზვიად კუპრავამ მოსამართლეზე წარმოთქვა. მაგრამ დაზუსტებული არ არის პოლიციის მხრიდან, რომელმა მოსამართლემ გასცა ზვიად კუპრავას სასამართლო დარბაზში დაბრუნების ბრძანება. აქ იყო ზოგადად მოსამართლე ნახსენები. პირველი სამართლებრივი გადაცდომა იყო სამართალდამცველებიდან ის, რომ ტყუილი თქვეს და მოსთხოვეს ზვიად კუპრავას, თითქოს მოსამართლის ბრძანებით უნდა მიეტოვებინა ჭამა და ასულიყო სასამართლო დარბაზში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია გაგრძელდება თუ არა ფაქტის მოკვლევა ან დახურავენ თუ არა საქმეს, თუ ბრალის წაყენებას გააგრძელებენ ზვიად კუპრავასთვის.

„ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდ შეცდომას ჩადის გახარია ამ შემთხვევაშიც, რომ ამ უაზრო ბრალდების წაყენებას აპირებს ზვიად კუპრავასთვის. როდესაც ჟღერდება ისეთი რამ, რომ კუპრავამ ორი გვამი შემოდო სადღაც სახურავზე, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია, ასეთი ბრალდებები ისმის ზვიად კუპრავას მისამართით და რაღაცა სულელურ ინციდენტზე დაიწყეს ძიება. პირველ რიგში იმაზე უნდა დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება და გამოააშკარაოს, რამდენად სიმართლეს შეესაბამება ზვიად კუპრავას იმდროინდელი ქმედებები“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული. მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. მცირე შეხლა-შემოხლის დროს სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო