ირაკლი ნოზაძის განცხადებით, თამთა ჯანჯღავასთან კონფლიქტი ნარკოტიკებს არ უკავშირდებოდა და დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ ჯანჯღავას ვალი ვერ დაუბრუნა

ირაკლი ნოზაძის საავადმყოფოში გამოკითხვა დღეს არ მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მომღერალ ირაკლი ნოზაძის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განუცხადა, გამოკითხვა დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება.

„ირაკლი ნოზაძის გამოკითხვა სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება. დღეს ეს ვერ ხერხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,“ - განაცხადა ნიკა სადრაძემ.

ადვოკატმა ასევე უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება მომხდარის მოტივი ნარკოტიკები იყოს და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. მისივე თქმით, რაიმე ტიპის ნარკოტიკული ნივთიერების გამო კონფლიქტის დაწყებას თავად ირაკლი ნოზაძე გამორიცხავს.

„ირაკლი კატეგორიულად გამორიცხავს აღნიშნულ თემას. ეს გამორიცხულია საქმის მასალებიდან გამომდინარეც. ეს არის აგორებული ჭორი. თანხას რაც შეეხება, ირაკლი ნოზაძე ამბობს, რომ კონფლიქტი ვალთან დაკავშირებით იყო. მას უნდა დაებრუნებინა საღამოს ეს თანხა, ვერ დააბრუნა და, წარმოიშვა კონფლიქტი. კონფლიქტის ნიადაგზე მიიღო ორი ჭრილობა,“ - განაცხადა ნიკა სადრაძემ.

მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა, მათ შორის თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ჯანჯღავა აღნიშნული კვალიფიკაციით ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მისი ადვოკატის ინფორმაციით, ნოზაძესთან კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა.

თავად მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა