ბექა დავითულიანი - მოგვიყვანოს ოპოზიციამ მათი ნაცნობი ბიზნესმენები და დიდი სიამოვნებით, 1 ლარად მივცემთ მიწისქვეშა პარკირებისთვის მიწას

მოგვიყვანოს ოპოზიციამ მათი ნაცნობი ბიზნესმენები და დიდი სიამოვნებით ერთ ლარად იმავე პირობებით მივცემთ პარკირებისთვის მიწას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, წელს გამოცხადებულმა ინტერესთა გამოხატვამ დაადასტურა, რომ ბიზნესმენებს მიწისქვეშა პარკირება არ აინტერესებთ.

"დადასტურდა, რომ პუშკინის სკვერთან მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებულ იქნა სწორი გადაწყვეტილება. რენტაბელობის თვალსაზრისით ქალაქისთვის გაკეთდა საქველმოქმედო პროექტი. წელს გამოცხადებულმა ინტერესთა გამოხატვამ დაადასტურა, რომ სხვა ბიზნესმენებს ამ რენტაბელობის მიწისქვეშა პარკირება დიდად არ აინტერესებთ,"- განაცხადა მან.

დავითულიანი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ჩავარდნილ ტენდერზე ოპოზიციის შენიშვნებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, 100 ავტობუსის შესაძენად განსაზღვრული იყო გარკვეული თანხა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ჩვენ გვქონდა თანხის ჭერი და ამ თანხაში რა შემოთავაზებებიც კეთდებოდა კერძო სექტორისგან, იმას ვერგებოდით. ამ მოთხოვნებით, 100 ავტობუსზე თანხა არ გვყოფნიდა", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.