ციხეში წამების კადრების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ირმა ინაშვილი დაიკითხა

2012 წლის სექტემბერში ციხის წამების კადრების ინსცენირების საქმეზე რომელზეც ბრალი იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და ყოფილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს დავით ჭაკუას აქვთ წაყენებული, დეპუტატი ირმა ინაშვილი დაიკითხა. ინაშვილმა ჩვენება ციხეში წამების ფაქტებთან დაკავშირებულ მასალებზე მისცა. როგორც მან აღნიშნა, ციხეში პატიმრების წამების თაობაზე ინფორმაციებს სისტემატიურად იღებდა, თუმცა ამის მტკიცებულებები არ გააჩნდა იქამდე, ვიდრე ლადო ბედუკაძე არ გამოჩნდა.

ინაშვილის ინფორმაციით, გიორგი ლომიამ, რომელიც მისი თანამებრძოლი იყო, უთხრა, რომ იცნობდა ციხის თანამშრომელს ლადო ბედუკაძეს, რომელსაც გააჩნდა წამების ამსახველი, როგორც ვიდეო ასევე დოკუმენტური მასალები.

დეპუტატის ჩვენების მიხედვით, ბედუკაძესთან მოლაპარაკებები მასალების გადმოცემის თაობაზე გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა და 2012 წლის გაზაფხულზე მას გადასცეს მასალების გარკვეული ნაწილი.

"გიორგი ლომიამ გადმომცა მასალები. იყო ფლეშკა და ვიდეოკასეტა. ფლეშკაზე იყო რამდენიმე ფაილი, მათ შორის ძალიან ბევრი პატიმრის პირადი მონაცემები. რაც შეეხება ვიდეომასალას, იქ იყო კონკრეტული პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვნების წამება. თუმცა ეს იყო ერთეული შემთხვევები და ვინაიდან ჩვენ სისტემის მხილება გვინდოდა და იმის გამოაშკარავება, რომ პატიმრების წამებაში უშუალოდ სისტემის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, გადავწყვიტეთ აღგვეჭურვა ციხის თანამშრომლები, რომლებიც ამას გადაიღებდნენ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ბედუკაძისგან მიღებული მასალები მან ბრიუსელში გაიტანა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ბედუკაძეს მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები და მისი ქვეყნიდან გაყვანის გარანტიები.

სასამართლოში დაკითხვისას ირმა ინაშვილმა ასევე ე.წ. კარანტინის დაშლის გადაღებაზეც ისაუბრა.

"ვიცოდით, რომ ყოველ პარასკევს ხდებოდა კარანტინის დაშლა. პატიმრები ამ დღეს "წითელ პარასკევსაც" კი ეძახდნენ. აუცილებელი იყო გადაღება ისე დაგვეგეგმა, რომ ამ დღეს დამთხვეოდა. შევიძინეთ შესაბამისი აღჭურვილობა, რომელიც გადავეცით ციხის თანამშრომლებს ფარულავას და აკობიას. გადასაღები მოწყობილობა გაიკეთა ქამარზე აკობიამ და გადაიღო კარანტინის დაშლა, რომელშიც მონაწილეობდნენ სისტემის მაღალაჩინოსნები, მათ შორის გაგა მკურნალიძე, ხუჭუა და ა.შ. ეს კადრები მოგვიტანეს, რის შემდეგაც წავედი ბრიუსელში და ვაჩვენე ის, როგორც ევროდეპუტატებს, ასევე ამერიკაში კონგრესმენებს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდში, როდესაც ციხეებში პატიმრების წამების საქმეებზე მუშაობდა, არც "ქართულ ოცნებასთან", არც ბიძინა ივანიშვილთან, არც თამაზ თამაზაშვილთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, როგორც ამას იმჟამინდელი შსს და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ამბობდა.

"ძალიან მინდა მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პასუხი აგოს იმ ცილისწამებისთვის, რომ თითქოს მე 2 მილიონი ავიღე ამ კადრების დადგმისთვის. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ვენდობოდი და ნამდვილად არ ვანდობდი იმ მასალებს, რომელიც მქონდა. რა გარანტია მქონდა, რომ ამას სათავისოდ არ გამოიყენებდა?!", - განაცხადა ინაშვილმა.

დეპუტატმა სასამართლოში დაკითხვისას ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელში ყოფნისას, როდესაც ევროპარლამენტში იყო დაგეგმილი ციხის წამების კადრების გაშვება, რამდენიმე დღით ადრე მედიაში გავრცელდა მათ მიერ გადაღებული ე.წ. კარანტინის დაშლის კადრები, რომელიც იყო ინსცენირებული.

"ამ მასალის ასლი არავის არ ჰქონდა და როგორც ჩვენმა წყაროებმა გვითხრეს, ამერიკელმა ლობისტებმა დაურეკეს სააკაშვილს და აღუწერეს იმ კადრების შინაარსი, რომელიც ჩვენ კონგრესმენებს ვაჩვენეთ. ამის შემდეგ, როგორც ვიცი სააკაშვილმა დაავალა ადეიშვილს მსგავსი კადრების დადგმა. ეს კადრები, რომელიც შსს-ს ბრიფინგის პარალელურად გადიოდა ცუდი ასლი იყო იმ მასალის, რომელიც ჩვენ გვქონდა", - განაცხადა ინაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს