რუსეთის მიზანია ჰელსინკში იალტა-2-ის მსგავსი შეხვედრა გაიმართოს ტრამპსა და პუტინს შორის, მაგრამ ამგვარი რამ ნაკლებად მოსალოდნელია

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მალე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. პუტინის ადმინისტრაცია კარგა ხანია ცდილობდა ტრამპი-პუტინის შეხვედრის ორგანიზებას, მაგრამ ამაოდ.

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა და პუტინის თანაშემწემ, აშშ-ში რუსეთის ყოფილმა ელჩმა უშაკოვმა უკვე დაანონსეს, რომ ტრამპი და პუტინი ჰელსინკის შეხვედრაზე სტრატეგიული სტაბილურობის, ტერორიზმთან ბრძოლის, სირიისა, უკრაინისა და ორმხრივი ურთიერთობების გამოსწორების საკითხებზე იმსჯელებენ.

თუ ადრე კრემლთან დაახლოებული რუსი ექსპერტები ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ იმედს, რომ ამგვარი შეხვედრა იალტა-2-ის, ან ჰელსინკი-2-ის მსგავსი იქნებოდა, ახლა მათი პროგნოზები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. თქვენი დაკვირვებით, რა სავარაუდო შედეგებით შეიძლება დასრულდეს ტრამპი-პუტინის შეხვედრა ჰელსინკში?

- რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანი მართლაც ის არის, რომ იალტა-2-ის მსგავსი შეხვედრა გაიმართოს. რუსეთის პოლიტიკური ელიტა მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიო გარდამავალ ეტაპზეა, რაც საბოლოოდ მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებით უნდა დასრულდეს.

რუსეთის მთავარი მიზანი მართლაც ის არის, რომ იალტა-2-ის მსგავსი შეხვედრა გაიმართოს. რუსეთის პოლიტიკური ელიტა მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიო გარდამავალ ეტაპზეა, რაც საბოლოოდ მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებით უნდა დასრულდეს

ცხადია, რომ მოსკოვი მრავალპოლუსიან მსოფლიოში საკუთარ თავს ერთ-ერთ პოლუსად განიხილავს. ამისათვის კი, იგი აუცილებლად მიიჩნევს პოსტ-საბჭოთა სივრცის მოსკოვის ექსკლუზიური გავლენის ზონად აღიარებას დასავლეთის მხრიდან. სწორედ ამ კონტექსტში საუბრობენ რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები იალტა 2-ზე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამოიყურება ახლა მათი პროგნოზები საკმაოდ მოკრძალებულად, ეს პრინციპში შექმნილი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის შიდა პოლიტიკაში დღეისათვის არსებული კონიუნქტურა, რუსეთისთვის ძალზედ არასახარბიელოა.

მოგეხსენებათ, რომ დღემდე გრძელდება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე დაწყებული გამოძიება. სხვათა შორის, როგორც ოფიციალური პრეს-რელიზებიდან გამოჩნდა, თავად პუტინმაც ბოლტონთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული არასახარბიელო ურთიერთობები აშშ-ში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას დაუკავშირა.

ამ თემაზე შეფასებების გაკეთებისას გასათვალსიწინებელია ასევე ორი ქვეყნის ურთიერთობებში დღემდე არსებული ტრენდი. კერძოდ, პრეზიდენტ ტრამპის მიერ რუსეთთან მიმართებაში გაკეთებული ზოგიერთი საკმაოდ პოზიტიური ხასიათის განცხადების მიუხედავად, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, აშშ-მ კიდევ უფრო გაამკაცრა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

თავისთავად, უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ნორმების დარღვევის ფაქტი აღიარებულია, როგორც უპრეცედენტოდ მძიმე დასავლური სამყაროს მიერ, რაც გამოიხატა კიდეც მოსკოვის მიმართ პოლიტიკის მკვეთრად შეცვლასა და დაწესებულ სანქციებში.

მოსკოვი მრავალპოლუსიან მსოფლიოში საკუთარ თავს ერთ-ერთ პოლუსად განიხილავს. ამისათვის კი იგი აუცილებლად მიიჩნევს პოსტ-საბჭოთა სივრცის მოსკოვის ექსკლუზიური გავლენის ზონად აღიარებას დასავლეთის მხრიდან. სწორედ ამ კონტექსტში საუბრობენ რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები იალტა 2-ზე

ყოველივე ზემოხსენებული და კიდევ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება ამცირებს გარღვევის მოხდენის შანსებს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

ამ საკითხზე საკმაოდ საყურადღებოა, არა მხოლოდ კრემლთან დაახლოებული რუსი ექსპერტების მოკრძალებული შეფასებები, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯ. ბოლტონის მიერ მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება. ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ბოლტონმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში არ აქვთ კონკრეტული შედეგების მოლოდინი, თუმცა თავად შეხვედრის გამართვას ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

რა თქმა უნდა, ტრამპის და პუტინის ხასიათიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ შეხვედრის შემდეგ აუცილებლად გაკეთდება განცხადება გარკვეული შეთანხმებების მიღწევის თაობაზე. ორივე პრეზიდენტს სჭირდება წარმატების დემონსტრირება.

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით სავარაუდოა სირიის თემაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, შეიარაღებასთან და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების წინა პლანზე წამოწევა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის წარმატებული ხასიათის დასაფიქსირებლად.

ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე რაიმე გარღვევა და სტრატეგიული შეთანხმების მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია

თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე რაიმე გარღვევა და სტრატეგიული შეთანხმების მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია.

- დამკვირვებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი რუსეთთან დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ მოსკოვი აგრესიულ პოლიტიკას შეწყვეტს. პუტინისა და რუსი წამყვანი პოლიტიკოსების რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი არც ყირიმზე და არც საერთაშორისო ასპარეზზე აგრესიულ პოლიტიკაზე უარის თქმას არ აპირებს.

აშკარაა, რომ ტრამპს აშკარად უნდა პუტინთან დაახლოება და რომ არა სენატი და წარმომადგენელთა პალატა, იგი მას აქამდეც შეხვდებოდა. ბევრი მიიჩნევს, რომ თუ ტრამპი მეორეჯერ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთის მიმართულებით უფრო მკვეთრ ნაბიჯებს შემდეგ გააკეთებს. ახლა კი მთავარია პუტინმა ტრამპს ყირიმთან მიმართებაში აშშ-ს მკაცრ პოზიციაზე უარი ათქმევინოს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინმა ტრამპს ყირიმთან მიმართებაში პოზიცია შეარბილებინოს?

- ყირიმის თემას მართლაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რუსეთის ფედერაციისთვის. თუ აშშ ან ევროკავშირი შეცვლის საკუთარ პოზიციას ყირიმის მიმართ, ეს უდავოდ რუსეთისთვის უდიდესი გამარჯვება იქნება. ამას თავისთავად მოჰყვება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეტაპობრივად გაუქმება და ურთიერთობების ნორმალიზების დაწყება.

როგორც გახსოვთ, ცოტა ხნის წინ კანადაში გამართული დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა საკმაოდ არასასიამოვნო, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაცია ყირიმის თემაზე. ამ ინფორმაციის თანახმად, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა თავის კოლეგებს განუცხადა, რომ იგი ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს, რადგანაც იქ რუსულ ენაზე საუბრობენ.

ზუსტად ამ საკითხზე დაუსვეს კითხვა ჯ. ბოლტონს ზემოხსენებულ პრესკონფერენციაზე. მან ცალსახად უპასუხა, რომ „აშშ-ის პოზიცია ასეთი არ არის“. იმავე პრესკონფერენციაზე, ბოლტონმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია არც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხშია შეცვლილი და ისინი მომავალშიც უნდა დარჩეს ძალაში.

რუსეთი დაინტერესებული იქნება ერთობლივ დეკლარაციაში მოახვედროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მისთვის მისაღები ფორმულირებით... რუსებს ასეთ თემებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ და შესაბამისად, ისინი შეეცდებიან მაქსიმალური შედეგის მიღებას

ბოლტონის მხრიდან დაფიქსირებული საკმაოდ ხისტი პოზიციების ფონზე, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან გარემოებას. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის უშაკოვის განცხადებით, ტრამპი-პუტინის შეხვედრის საფუძველზე შესაძლოა მომზადდეს ერთობლივი დეკლარაცია.

უშაკოვის მიერ ამ თემაზე გაკეთებული კომენტარი მიუთითებს, რომ ერთობლივი დეკლარაციის მომზადება რუსეთის ინიციატივას წარმოადგენს. ცხადია, რომ რუსეთი დაინტერესებული იქნება ამ ერთობლივ დეკლარაციაში მოახვედროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მისთვის მისაღები ფორმულირებით.

ერთობლივი დეკლარაციის პროექტის შემუშავება იქნება ტრამპი-პუტინის შეხვედრის მომზადების მიზნით დაანონსებული ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გასამართი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემაც. უნდა ითქვას, რომ რუსებს ასეთ თემებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ და შესაბამისად, ისინი შეეცდებიან მაქსიმალური შედეგის მიღებას ამ სამუშაო პროცესიდან.

- ამ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის რომ საქართველოს თემა არ მოხვდა, გასაგებია, - მხედველობაში მაქვს ის, რომ სირიასა და უკრაინაში კონფლიქტები აქტიურ ფაზაში არაა, მაგრამ მაინც აქტუალურია.

ახლა, როცა რუსეთი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება, ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მზადდება, საკმაოდ მნიშვნელოვანი კი უნდა იყოს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, ამ რეზოლუციის მიღებით რა გზავნილს მიიღებს კრემლი და რამდენად შეიძლება წაადგეს იგი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების გადაწყვეტას?

- ასეთი რეზოლუციის მიღება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უდავოა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ მისი პოლიტიკური დატვირთვა კიდევ უფრო იზრდება. აშშ ამით კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საგარო პოლიტიკური კურსის ურყევ მხარდაჭერას.

ცხადია, რომ ეს არის პირდაპირი გზავნილი უპირველს ყოვლისა მოსკოვისთვის, რომელიც, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ექსკლუზიური კონტროლის აღდგენას უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს.

აშშ-ის საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არის პირდაპირი გზავნილი უპირველეს ყოვლისა მოსკოვისთვის, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ექსკლუზიური კონტროლის აღდგენას უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს

მოსკოვი, ამავე დროს, ცალსახად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას და როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ „ახალ რეალიებთან“ შეგუებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს საკუთარი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის გარეშე ცხადია გაუჭირდება რუსეთის აგრესიულ განზრახვებთან გამკლავება და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ამდენად, როგორც ზემოხსენებული რეზოლუცია, ისე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე ბოლო ხანებში აშშ-ის მხრიდან დაფიქსირებული მხარდაჭერა, მათ შორის, საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა ჯეროვნად უნდა შეფასდეს.

- ამის საპასუხოდ კრემლს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკა განსაზღვრული აქვს. მხედველობაში მაქვს მოსკოვის უპირობო მხარდაჭერა სოხუმისა და ცხინვალისადმი. რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციული პროცესები ისე შორსაა წასული, რომ სოხუმისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა“ სულ უფრო ილუზორული ხდება.

მეტიც, რაც უფრო მეტად უახლოვდება საქართველო ევროპას და აღრმავებს ურთიერთობას ნატოსთან, მით უფრო ხმამაღლა აცხადებს ცხინვალი პრეტენზიებს თრუსოს ხეობაზე, კობის ქვაბულსა და დუშეთის სოფლებზე. ცხადია, რომ ამგვარ „ისტორიულ პრეტენზიებს“ ცხინვალი მოსკოვის მხარდაჭერით ახმოვანებს.

დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად, ამგვარ ფონზე, როგორც მინიმუმ, საკმაოდ ამორფულად და უსახურად გამოიყურება ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. მხედველობაში მაქვს თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმება.

თქვენი აზრით, ამ უწყების გაუქმება რა გზავნილი შეიძლება აღმოჩნდეს სოხუმის, ცხინვალის, მოსკოვისა და იმავე საერთაშორისო თანამეგობრობისათვის?

- უნდა ველოდოთ, რომ ცხინვალი, სოხუმი და რაც მთავარია მოსკოვიც შეეცდებიან მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუქმებას, მაგრამ არ მგონია, რომ ამის რეალური საფუძველი არსებობდეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და მისი აპარატის შენარჩუნება საქართველოს მთავრობაში სწორი გადაწყვეტილებაა. ამ უწყების გაუქმება პოლიტიკურადაც არასწორი გზავნილი იქნებოდა...

რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად გამართლებულია ამ უწყების გაუქმება მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამას ალბათ მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ცხადია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არ უნდა ჩაითვალოს ოკუპირებული ტერიტორიების თემის პრიორიტეტულობის შემცირებად.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ოკუპირებული ტერიტორიების თემა განეკუთვნება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და მის აპარატის კომპეტენციას. უნდა ითქვას, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში სამი სახელმწიფო მინისტრის პოსტი (შესაბამისად - აპარატი) არსებობდა.

აქედან ორის - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციები გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთვარობის გადაწყვეტილებით.

არც ერთ ეტაპზე არ დამდგარა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და მისი აპარატის გაუქმებისა და მისი ფუნქციების სხვა რომელიმე უწყებისთვის გადაცემის საკითხი.

არ მინდა რაიმე სახის შეფასება გამომივიდეს სხვა უწყებების გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და მისი აპარატის შენარჩუნება საქართველოს მთავრობაში სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემი აზრით. ამ უწყების გაუქმება პოლიტიკურადაც არასწორი გზავნილი იქნებოდა და ისედაც, როგორც გარედან ჩანს, იგი საკმაოდ კარგად ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს.

დღის წესრიგში არ დამდგარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სტრუქტურების შეკვეცის საკითხი, რაც პოლიტიკურად არასწორი გზავნილი იქნებოდა

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის ხარჯების ოპტიმიზაციის მიუხედავად, დღის წესრიგში არ დამდგარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სტრუქტურების შეკვეცის საკითხი, რაც პოლიტიკურად ასევე არასწორი გზავნილი იქნებოდა.

- ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიაზე უკვე ბევრი რამ კი ითქვა, მაგრამ მისი აქტუალობიდან გამომდინარე ამ თემაზე მაინც ღირს ყურადღების გამახვილება. თავის დროზე ქართულმა მხარემ უარი თქვა აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგებზე ჩატარებული გამოძიებისათვის მიეცა მსვლელობა. ჩვენს პროკურატურაში ახლაც დევს ამ თემაზე გამოძიების 200 ტომი.

ეს ახლა იმიტომ გავიხსენე, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის საპასუხოდ სოხუმი ანალოგიური სიის დადებას გეგმავს , რომელშიც შეყვანილი იქნებიან ის მეომრები, რომლებიც აფხაზეთში 1992-1993 წლებში ქართულ მხარეს იბრძოდნენ. და ეს მაშინ, როცა ქართული მხარე კარგა ხანია ჩვენსავე სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს აფხაზ მეომრებს.

ფაქტია, რომ აქამდე გაჟღერებული ქართული ინიციატივების ფონზე იმის გარდა რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შედგენა სულ უფრო გაჭირდება , რაიმე კონკრეტული შედეგის მომტანი ვერ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეთი პირი უჩანს...

- ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე კონკრეტული შედეგების მისაღწევად, პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებთან აქტიური დიპლომატიური მუშაობაა საჭირო. სიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაისმა კრიტიკა, მათ შორის იმის გამო, რომ მასში არ მოხვდნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირები.

უნდა ითქვას, რომ ეს კრიტიკა სამართლიანია. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას, რა თქმა უნდა, თავისი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. რუსეთი, ცხადია ყოველთვის ცდილობს, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერპრეტაცია შეაჩეჩოს საერთაშორისო საზოგადოებას.

ამ შემთხვევაში, რუსეთის ოფიციალური პირების არ მოხვედრა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში, მოსკოვს აძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

გასათვალისწინებელია, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემატურ საკითხთან მიმართებაში, სწორედ ასეთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეცადოს, რომ არ მისცეს მოსკოვს ამ პოზიციის გამყარების შესაძლებლობა.

რუსეთის ოფიციალური პირების არ მოხვედრა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში მოსკოვს აძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეკისრება

აქ კიდევ ერთ საკითხზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში კიდევ ერთხელ ცალსახად დაფიქსირდა, რომ “საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს.”

ასეთი შეფასება, სრულიად მისაღებია, მაგრამ მით უფრო გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში არ ხვდებოდნენ რუსეთის ოფიციალური პირები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობენ. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთ პრობლემაზე - არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს.

- მართლმადიდებლურ სამყაროში დიდი ვნებათაღელვაა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთისაგან გამოყოფას 25 წელზე მეტია ითხოვს. ამ საკითხზე განხეთქილება რომ არის მართმადიდებლურ სამყაროში, ვხედავთ.

კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები ცდილობენ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მათი მხარე დაიკავოს. ჩვენი ეკლესია არ ჩქარობს და პოზიციის დაფიქსირებას იმ მოტივით აყოვნებს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს საბაბი არ მისცეს აღიაროს აფხაზეთის ეპარქიის ავტოკეფალია.

ისინი, ვისაც არ სურს, რომ ჩვენმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალია აღიაროს, ირწმუნებიან, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ეპარქიის ავტოკეფალიის აღიარებას არ აპირებს.

რამდენად სარწმუნოა ამგვარი მტკიცება კიდევ საკითხავია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ ქართულმა ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის ეკლესიის რუსეთისაგან გამოყოფას, სულაც არაა გამორიცხული კონსტანტინოპოლმა, ანუ მართლმადიდებლური სამყაროს საპატრიარქომ, აღიაროს აფხაზეთის ეპარქიის ავტოკეფალია.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ამ საკითხში ჩვენი ეკლესიის ოპტიმალური პოზიციაცა და გადაწყვეტილებაც?

- რუსეთი ნებისმიერ დონეზე არის საკმაოდ რთული პარტნიორი საქართველოსთვის, რომელიც მუდმივად ცდილობს სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების განხორციელებას. ამდენად, რამდენადაც კარგი არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით ურთიერთობები რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესებიდან არ მოქმედებს.

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ ჩქარობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და ცდილობს არ მისცეს მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ეპარქიის ავტოკეფალიის აღიარების საბაბი, სრულიად გამართლებულია

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყოფის საკითხი მართლაც ყოველმხრივ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. თუნდაც, მხოლოდ ერთ თემას - მრევლის თემას რომ შევეხოთ. დღესაც კი, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი უკრაინაში საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

ჩემი აზრით, საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ ჩქარობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და ცდილობს არ მისცეს მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ეპარქიის ავტოკეფალიის აღიარების საბაბი, სრულიად გამართლებულია.

- გასულ კვირას თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ერდოღანმა გაიმარჯვა. მართალია, მან დამაჯერებლად მოუგო თავის უახლოეს კონკურენტს, მაგრამ მის მიერ მიღებული 52% იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მის პოლიტიკაში ქვეყანაში საკმაოდ ბევრი მხარს არ უჭერს.

თქვენ როგორ შეაფასებდით გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის გამარჯვებას და სავარაუდოდ, როგორ აისახება მისი მმართველობის პერიოდი მეზობლებზე, კერძოდ საქართველოზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე?

- მოგეხსენებათ, რომ თურქეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, სტაბილურობას თურქეთში და ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ისევე როგორც მის ურთიერთობებს დასავლეთის ქვეყნებთან.

ერდოღანი უკვე დიდი ხანია თურქეთის ხელიუფლების სათავეშია. იგი 2003 წლიდან 2014 წლამდე თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო. შემდეგ კი უკვე პრეზიდენტი გახდა და ახლა ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.

მან საკმაოდ მძიმე ბრძოლაში პირველივე ტურში მიიღო ხმების 52,6%. ეს არჩევნები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ თურქეთი სრულად გადადის საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე.

თურქეთის ოპოზიციამ ერდოღანს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. თუმცა, საერთო ჯამში ამომრჩეველს ვერ შესთავაზა თურქეთის განვითარების ალტერნატიული გზა.

თურქეთის ოპოზიციამ ერდოღანს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. თუმცა, საერთო ჯამში ამომრჩეველს ვერ შესთავაზა თურქეთის განვითარების ალტერნატიული გზა

დროის ამ ხანგრძლივ პერიოდში ძირითადად გამოკვეთილია ის შიდა და საგარეო პოლიტიკური ორიენტირები, რომელიც ერდოღანის ადმინისტრაციას გააჩნია. ამდენად, მნიშვნელოვან ცვლილებებს, მით უფრო საქართველოსთან მიმართებაში არ უნდა ველოდოთ.

თურქეთს, ბოლო პერიოდში რეგიონში არსებული არასტაბილურობის ფონზე, გაუჩნდა ეკონომიკური ხასიათის სირთულეები. ასევე, სამწუხაროდ, გაუარესდა მისი ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში გამოსწორდება ეს მდგომარეობა, რაც საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანიაა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთი ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი პარტნიორია.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა