ადვოკატი - ირაკლი ნოზაძის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია და კონფლიქტი ამის გამო არ მომხდარა

ირაკლი ნოზაძის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია, - ამის შესახებ მომღერლის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ ღუდუშაურის კლინიკაში ირაკლი ნოზაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ირაკლი ნოზაძე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა.

„გამომძიებელს აინტერესებდა რა მოხდა რეალურად, რა ვითარებაში და როგორ მიიღო დაზიანებები. ირაკლი ნოზაძემ, როგორც დაზარალებულმა დეტალურად აღწერა როგორ, რა ვითარებაში და ვისი მხრიდან მოიიღო ის დაზიანებები, რის გამოც საავადმყოფოში აღმოჩნდა. ნარკოტიკულ საშუალებებზე კითხვა არ დასმულა, თუმცა, იყო საუბარი იმაზე თუ რა ტიპის ურთიერთობა იყო. ირაკლის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია, ამის გამო კონფლიქტი არ მომხდარა. კონფლიქტი მოხდა ვალის გამო და შესაბამისად, აქედან წარმოიშვა შელაპარაკება, რის შედეგადაც ირაკლი ნოზაძემ მიიღო დაზიანებები", - განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდებულის ჩვენებასთან და ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად ნიკა სადრაძემ განაცხადა, რომ ნარკოტიკების თემა ამ საქმეში არაფერ შუაშია და ეს ალბათ ჭორია.

"მე არ ვიცი ბრალდებული რას ამბობს, დაზარალებულის სიტყვებით, ნარკოტიკების თემა აქ არაფერ შუაში არაა. ეს არის ჭორი და ალბათ ამ საქმის მისტიური და სკანდალური მხარე. მის მიმართ მომხდარია დანაშაულებრივი ქმედება, ბეწვზეა გადარჩენილი. ბრალდების მხარე ვალდებულია დაადგინოს ვინაა ამ ქმედებაში დამნაშავე. ამ საქმეს სხვა მხარე არ აქვს საერთოდ. მე ბრალდებულის ნათქვამს და მის ქმედებას ვერ შევაფასებ, რაში დასჭირდა ან ერთის თქმა, ან მომავალში თუ რაიმეს იტყვის რაში დასჭირდება", - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა სადრაძის თქმით, ირაკლი ნოზაძემ ფული ისესხა, რომლის დროულად დაბრუნებაც ვერ მოახერხა და ამის გამო მიიღო აგრესია.

"დილით ისესხა თანხა პირადი მოხმარებისთვის. ფიზიკურად არ ჰქონდა თანხა ირაკლის და მთელი დღის განმავლობაში სამოძრაოდ სჭირდებოდა ეს თანხა. საღამოს უნდა დაებრუნებინა, დროულად ვერ მოახერხა დაბრუნება და მიიღო აგრესია", - განაცხადა ნიკა სადრაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭები" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "ირაკლი ნოზაძის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია" - კონფლიქტის რა მოტივზე საუბრობს მომღერლის ადვოკატი?