სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება

სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან და შვეიცარულ საკონსულტაციო კომპანია „SGS - Societe Generale de Surveillance SA“-თან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ახორციელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, რეფორმა საქართველოს ავტოპარკის ტექნიკური გამართულობის - გამონაბოლქვის, სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სავალი ნაწილის და საბურავების პარამეტრების კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. ავტომობილის არსებული პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს მის ქარხნულ პარამეტრებს.

ინსპექტირების გავლას საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება. აღნიშნული რეფორმა ასევე მომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან, რომლის შესაბამისადაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ნორმატიული ბაზა განისაზღვრა.

ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისათვის დაწესდა გარკვეული გარდამავალი პერიოდი და ინსპექტირების მთელი პროცესი 2 წელზე გადანაწილდა. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, რომელი კატეგორიის მანქანები რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. გრაფიკი გაწერილია ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს ვადას, მოემზადონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის.

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის - 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარია. ამავე დროს, ჯარიმის ოდენობა ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის მართვისთვის ფიზიკური პირისთვის 50 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარამდე განისაზღვრა.

საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ეტაპობრივად, 2019 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია წარადგინოს: ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა; ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დამოუკიდებლად ირჩევს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მას ასევე შესაძლებლობა ექნება ვებ-გვერდის (www.pti.ge) საშუალებით მისთვის ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. ან მსგავსი მომსახურება მიიღოს ცხელი ხაზის (1484) საშუალებით, ასევე მიიღოს დეტალური ინფორმაცია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ.

ინსპექტირების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოწმდება: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. პირველი ივლისიდან დაიწყო რეფორმის მეორე ეტაპი, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტექნიკური ინსპექტირებას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა