ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები“ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების ინიციატივით გამოდის

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები“ პარლამენტს საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების ინიციატივით მიმართავს.

პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე “საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი წარედგინება, რომლის მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად უნდა გამოცხადდეს, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს და ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირი დაისაჯოს. თავის მხრივ, პარლამენტმა რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი უნდა უზრუნველყოს.

“სააკაშვილისა და ბოკერიას მმრთველობის პერიოდში საქართველოში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც: ა) არჩევნების გაყალბების გზით, განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია; ბ) უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8%-ზე მეტი, ერთ დიდ ციხედ აქცია მთელი ქვეყანა, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებაში; გ) სისტემური ხასიათი მისცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში, რომელშიც 190 პირი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ხოლო 25 -პოლიტდევნილად; დ) ძალით წაართვა მესაკუთრეებს ყველა მსხვილი სატელევიზიო არხი და იძულებით აქცია ეს არხები თავისი დანაშაულებრივი ქმედებების მეხოტბეებად; ე) განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციები, რასაც თან ახლდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება; ვ) მოსახლეობის დაშინების მიზნით, ქვეყანაში გამოაცხადა ე.წ. “ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის შედეგადაც, ღიად და ცინიკურად საზოგადოების დასანახად მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი; ზ) ასიათასობით ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა ქონება, ბიზნესი თუ კაპიტალი; თ) დააგვირგვინა თავისი მოღვაწეობა კოდორისა და ახალგორის სამარცხვინო ჩაბარებით, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 22%-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჩამოთვლილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლები უდაოდ არიან მ. სააკაშვილი და გ. ბოკერია და მათ მიერ კონტროლირებადი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, - ნათქვამია პარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ფრაქციამ “საქართველოს პატრიოტები“ მოამზადა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა