საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიას ვიზიტით ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2018 წლის 2-5 ივლისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაიკო მაასისთან, რომლის მიმდინარეობისას მინისტრები პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.

ბერლინში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში იან ჰეკერს, ასევე რუსეთთან, ცენტრალურ აზიასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფედერალური მთავრობის კოორდინატორს დირკ ვიზეს.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს გერმანიის ბუნდესტაგში, როგორც სხვადასხვა კომიტეტების, ასევე გერმანიის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, მათ შორის იგეგმება შეხვედრები ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგანგ ჰელმიხთან, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როეტგენთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ჯგუფის თავმჯდომარესთან იოჰანეს კარსთან, მმართველი სოციალ/დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან ბატონ ნილს შმიდთან და სხვა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვედრებს გამართავს გერმანიის ანალიტიკური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებთან, მათ შორის დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ფრიდრიხ ებერტის პოლიტიკურ ფონდში, ასევე სამუშაო ფორმატში შეხვდება კოერბერის ფონდის ორგანიზებით გერმანელ ექსპერტებს, შეხვედრას გამართავს მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის თავმჯდომარესთან ფოლკერ პერთესთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა კონრად ადენაუერის და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმში, რომელსაც ბერლინი 4-5 ივლისს მასპინძლობს. სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობას ასევე იღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში ბერლინში საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი, გაიმართება საზეიმო მიღება და კონცერტი, ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიის სახელმწიფო მინისტრი მიჰაილ როთი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს