ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2018

"ვფიქრობ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდება"

ახალი კითხვები და 10 საეჭვო გარემოება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში

სირიიდან ჩამოსახლებული აფხაზებისთვის ქართველთა სახლ-კარს ამზადებენ

* * *

რამაზ საყვარელიძე - "ვფიქრობ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდება"

"ტერორისტთა ახალი ჩანაწერიდან გამომდინარე, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჯგუფი საქართველოში გეგმავდა ტერაქტებს და აქ ადგილობრივი დამხმარეებიც ჰყავდათ. გამოდის, ქვეყანა ძალიან დიდ საფრთხეს გადაურჩა... ხელისუფლების მწვავე კრიტიკის მიზეზი კი ის იყო, რომ გაჩნდა კითხვები, რომელთაც დროულად კი არა, დღემდეც არ გასცემია პასუხები. მეტიც, ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ დასავლეთში ამ ანტიტერორისტულ ოპერაციას მოყოლილი პოზიტიური გამოხმაურება ჩვენს საზოგადოებამდე მიეტანა. ხომ იცით, უცხოურ აზრს ჩვენში უფრო აფასებენ, როგორც ამბობენ, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს", - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვფიქრობ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდება" / "დასავლეთი ითხოვს ჩვენგან "მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას" / გამოძიება, ფაქტობრივად, "ევროპულ საქართველოს" მიჰყავს, ფენომენურად პასიური წარმონაქმნი გახდა "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი".

"გავიხსენოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება - როცა იქ მსგავს სპეცოპერაციას ჩაატარებენ, საზოგადოების დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი და გარკვეულია, ზედმეტი ეჭვისა და ვარაუდის უფლებას თავს არავინ აძლევს, ეს კი უპირველესად იმის შედეგია, რომ საზოგადოებას ინფორმაციას სწორედ ისე აწვდიან, როგორც საჭიროა. ამ პროცესებმაც ცხადყო, რომ საქართველოს ძალიან რთული მისია აკისრია, რომელსაც, როგორც ჩანს, არცთუ ცუდად ასრულებს. აქვე გავიხსენოთ, რაღაც პერიოდიდან როგორ გაქრა ტერორიზმის ჭრილში პანკისის თემა და შეწყდა "ისლამურ სახელმწიფოში" წამსვლელთა ნაკადი. გამოდის, ჩვენმა სპეცსამსახურებმა კარგად იმუშავეს, თუმცა არც ამაზე გაუმახვილებია ვინმეს ყურადღება. მოსახლეობა ყველა ქვეყანაში ხელისუფლების ოპონენტია, უბრალოდ, სხვაგან ხელისუფლებები ახერხებენ, საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა იმაზე, რასაც მათ საკეთილდღეოდ აკეთებენ. საზოგადოებასთან დიალოგია საჭირო, საფრთხის ისე ახსნა, პანიკა კი არ ატეხო, არამედ შენს მოკავშირედ აქციო. ამას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"მამუკა ბახტაძის ინიციატივები, ჩემი აზრით, უფრო მონოპოლიების შექმნის თავიდან აცილების სურვილითაა განპირობებული. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ეს მხოლოდ სამინისტროების ერთმანეთთან მექანიკური შეწებება და დაშორება არ უნდა იყოს... გვესმის განცხადებები, რომ სამინისტროების რეორგანიზაცია 120-მილიონიან და უფრო მეტ საბიუჯეტო სახსრებს დაზოგავს, თუმცა გაუგებარია, როგორ თუ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ მოხდება. დასავლეთი ჯერ კიდევ წლების წინ სთხოვდა საქართველოს, რომ საბიუჯეტო სახსრები შეემცირებინა. ეს შეიძლება იყოს სამინისტროების შემცირების ერთ-ერთი არგუმენტი, თუმცა ლაპარაკი, რომ ეს მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება, ვფიქრობ, არასერიოზულია. მოვისმინეთ კიდევ ერთი არგუმენტი - ეს კეთდება იმიტომ, რომ მთავრობა იყოს უფრო ოპერატიული. ესეც არ ჩანს დამაჯერებლად. კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებებს თუ გადავხედავთ, ორი სამინისტროთი მეტი გექნება თუ ნაკლები, ეს მთავრობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის", - დაასკვნის ექსპერტი.

"მცირე მთავრობის~ იდეა კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავრობა ჯერჯერობით იმას არ აკეთებს, რაც გასაკეთებელია. კერძოდ, როცა ასეთი რამ ხდება, ჯერ ხელისუფლება ქმნის ხელშემწყობ პირობებს, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან გამოთავისუფლებულმა პირებმა ადვილად იშოვონ სამუშაო. უცხოეთში სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს სტაბილურობის ძალიან დიდი გარანტიები აქვთ, ჩვენთან კი მხოლოდ იმას გაიძახიან, არავის შევამცირებთო, რაც დაუჯერებლად ჟღერს. გარდა ამისა, ყველა სამინისტროს თავისი ფუნქციები აქვს. თუ ისინი იგივე დარჩა, მაშინ შემცირება სრულიად გაუგებარი ჩანს. თქვა კიდეც ბახტაძემ, შემცირება უპირველესად ფუნქციების შემცირებას გულისხმობსო, რაშიც მართალია, მაგრამ როგორ აპირებს ამას? ფუნქციები თუ შემცირდა, ის სადღაც ხომ უნდა გადავიდეს, ვერ აორთქლდება, ვიღაცა უნდა მოიძებნოს, თუნდაც კერძო სექტორი, ვინც ამას ითავებს. უცხოეთის მაგალითი ავიღოთ - არაერთ ქვეყანაში ისეთი საკანონმდებლო ბაზაა, რომ კერძო სექტორი ზოგიერთი საფინანსო ვალდებულებებისგან თავისუფლდება, თუ მან კონკრეტული მიმართულებებით, მაგალითად, კულტურის, სპორტის და ა.შ., ქველმოქმედება გასწია. კერძო სექტორისთვის მომგებიანი ხდება ეს პირობები და ამ მიმართულებების დაფინანსებას იწყებს. შესაბამისად, რომელიღაც სფერო გადადის კერძო სექტორის მფარველობაში, აღარ აწევს ტვირთად ბიუჯეტს და შესაბამისად, სამინისტროც აუცილებელი აღარ არის", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჯერჯერობით ამგვარი რამ ბახტაძისგან არ მოგვისმენია, ამიტომაც მე ვიტყოდი, რომ "მცირე მთავრობის" ჩამოყალიბება მხოლოდ დაიწყო. სხვათა შორის, ამგვარი ინიციატივა პირველად გამოჩნდა კვირიკაშვილის პრემიერობისას, ამიტომაც მგონია, რომ ამას დასავლეთი ითხოვს. იმედია, ბახტაძე უფრო წარმატებული იქნება, გაითვალისწინებს იმ ხელშემშლელ პირობებს, რის გამოც არ მოხერხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კვირიკაშვილის პრემიერობის დროს... გეთანხმებით, რომ "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არა ჰყავს პროფესიონალი კადრები. მით უფრო ასეთი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, როდესაც ამ ახლებური გაერთიანებების მართვა გაცილებით რთული იქნება, რადგან მენეჯმენტი თავიდან იქნება ასაწყობი", - ამბობს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - "თქვენი აზრით, ამ პროცესში რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს?" - პასუხობს:

"ივანიშვილს აშკარად არ სურს სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა, ასე რომ მისი ამოცანა ისევ და ისევ ის არის, რომ მიიყვანოს იმ კონდიციამდე გუნდი, რომ მან ივანიშვილის გარეშე შეძლოს მართვა. ამ პროცესებში, ვინ სად დაინიშნოს ან რომელი უწყება რასთან გაერთიანდეს, ვეჭვობ, მისი სიტყვა გადამწყვეტი იყოს. მას, ალბათ ექნება საკუთარი აზრი და იტყვის კიდეც, თუმცა არა მგონია, თუ უკეთესი მოსაზრება მოისმინა, არ დაუჭიროს მხარი. ივანიშვილი მაგონებს იმ ხელოსანს, რომელიც ოცნებობს მანქანის აწყობაზე და არა მართვაზე. "მას მერე, რაც ივანიშვილმა დაბრუნება გადაწყვიტა, სამთავრობო ცვლილებები კი მოხდა, მაგრამ პარლამენტი ისევ პასიურია. თუ დავაკვირდებით ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობასაც, უმრავლესობის წევრები გაცილებით პასიურები არიან, ვიდრე ოპოზიციონერი დეპუტატები. გამოძიება, ფაქტობრივად, "ევროპულ საქართველოს" მიჰყავს. ფენომენურად პასიური წარმონაქმნი გახდა "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი. არადა, მანქანის აწყობას აუცილებლად სჭირდება მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი უმრავლესობა, რათა მათ დააბალანსონ ერთმანეთი და ივანიშვილის აქტიური ჩარევა საჭირო აღარ იყოს. ამიტომაც მგონია, რომ ივანიშვილი შეეცდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და შესაბამისად, საპარლამენტო გუნდის შეცვლას. ეს "ქართული ოცნების" არაერთმა წარმომადგენელმა თქვა საჯაროდ. ვფიქრობთ, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება".

"რაც შეეხება ქართველი მესაზღვრეების სამდღიანი ტყვეობას, მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ამგვარ ფაქტებს ომებიც კი მოსდევს ხოლმე, მაგრამ ჩვენ რომ ომი დავიწყოთ, საბოლოოდ ყველა იმაზე შევთანხმდებით, რუსეთმა ეს პროვოკაცია სპეციალურად მოგვიწყოო. ძალთა თანაფარდობა იმდენად ასიმეტრიულია, ამგვარ პროვოკაციებს სამხედრო პასუხი თუ გავეცით, შესაძლოა საბოლოოდ დასრულდეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ერთადერთი გზა, რაც დაგვრჩა, ამ ყველაფერზე მსოფლიო მასშტაბით ყველა ტრიბუნაზე ლაპარაკი და ამ პროვოკაციის დასავლეთისთვის კიდევ ერთ არგუმენტად გადაქცევაა რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად. ჩვენ ჩვენი ძალისხმევით უნდა დავეხმაროთ დასავლეთს იმ სტრატეგიის ხორცშესხმაში, რაც დასახული აქვს - ეს არის რუსეთის ეკონომიკურად დაჩოქება", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

ახალი კითხვები და 10 საეჭვო გარემოება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში

"ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები პირველსავე დღეებში გაჩნდა, რომლებიც საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის ადვილად მისახვედრი იყო. ყველაფერს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა ის, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხებოდა და სასამართლო პროცესი საზოგადოებისთვის დახურული იყო, მხარეებს კი გაუთქმელობაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი. სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიების მიერ დავით სარალიძის მკვლელი ნაპოვნი არ არის, რამაც საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გაზარდა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ კი საქმის ირგვლივ კითხევებს კითხვები დაემატა და საზოგადოებას მეტად გაუჩნდა განცდა, რომ საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი. "რეზონანსი" იურისტებისა და კომისიის წევრების დახმარებით შეეცადა, გამოძიებაში არსებულ 10 მთავარ საეჭვო გარემოებასა და კითხვაზე შეჯერებულიყო, რომლებზე პასუხის გაცემასაც საქმის ირგვლივ ჭეშმარიტება უნდა დაედგინა და დავით სარალიძის მკვლელების პოვნაში გამოძიებას დახმარებოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ახალი კითხვები და 10 საეჭვო გარემოება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში.

"1. უცნობია, რამდენი პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრაში და ვინ მოკლა იგი - გამოძიების ვერსიით, სარალიძე მხოლოდ ერთი დანით არის მოკლული, რომელიც საქმეში დევს, თუმცა, ექსპერტიზის მიხედვით, ეს დანა არ შეესაბამება სარალიძის სხეულზე მიყენებული ჭრილობების ზომას. სარალიძის მამა კი ამბობს, რომ მის შვილს, მისი აღნაგობიდან გამომდინარე, ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა და რამდენიმეს უნდა გაეკავებინა. ასევე, დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაადგინა, რომ სარალიძეს სხეულზე სხვადასხვა დანით ან საგნებით აქვს ჭრილობები მიყენებული. 2. რატომ არ დაიწყო გამოძიებამ პირველსავე დღეს ჩხუბში მონაწილე ბავშვების სატელეფონო მოსმენა და რატომ არ ამოიღეს სოციალურ ქსელებში მათი მიმოწერა, სადაც ჩხუბის ორგანიზება მოხდა? - იურისტები ფიქრობენ, რომ პროკურატურა თუკი პირველივე დღიდან მოზარდების მოსმენას დაიწყებდა, ისინი კი ერთმანეთთან კომუნიკაციას შეეცდებოდნენ, სწორედ მათი საუბრის მეშვეობით ადვილად დასადგენი იქნებოდა, სარალიძე და დადუნაშვილი ვინ მოკლა და ჩხუბში ვის რა როლი ეკისრებოდა. 3. რატომ არ მოხდა ჩხუბში მონაწილე ყველა ბავშვის ტანსაცმლის ამოღება? იურისტების აზრით, შესაძლოა, მათ ტანსაცმელზე დავით სარალიძის სისხლი ყოფილიყო და უფრო ადვილი გამხდარიყო იმის დადგენა, უშუალოდ დაჭრის მომენტში მასთან ახლოს რომელი ბავშვები იმყოფებოდნენ. 4. რატომ არ დაიკითხა საქმის ყველა მოწმე და რატომ არ დევს პოლიციის მიერ უშუალო თვითმხილველების გამოკითხვის ოქმები? 5. დაიჭრა თუ არა ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი მოზარდი? რატომ არ დადგინდა მისი ან მისი დამჭრელის ვინაობა? რატომ დამალა ორივე პირი გამოძიებამ და რა ინტერესი ამოძრავებდა პროკურატურას? 6. რატომ არ მოხდა მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ქუჩის კამერებიდან კადრების დროულად ამოღება? - კომისიის წევრებს აინტერესებთ, რა გახდა ამ კადრების დაგვიანებით ამოღების მიზეზი. იქნებ იქ უშუალოდ ჩხუბის მომენტი იყო ასახული? რატომ არ იჩქარეს საქმის გამომძიებლებმა? 7. ექსპერტიზის დასკვნა და დაზიანებული მასალები - რატომ მოხდა დანის გაღუნვა და კანის ნიმუშის დაზიანება? რატომ არის ექსპერტიზის დასკვნა ასეთი ზოგადი და რატომ ვერ დადგინდა, სარალიძის სხეულზე სხვადასხვა ჭრილობა რა სახის საგნებით არის მიყენებული? 8. რა სახით მონაწილეობდა ჩხუბში მიხეილ კალანდია, პროკურატურის მთავარი მოწმე? - კომისიის წევრებს აინტერესებთ, იგი ხომ არ იყო ადამიანი, ვინც სწორედ დაჭრის მომენტში დავით სარალიძეს იჭერდა? 9. რატომ და ვისი ბრძანებით მოხდა ფარდულის დანგრევა? 10. რატომ შეწყდა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმეების დაკიხვა მას შემდეგ, რაც საქმეში მირზა სუბელიანი ჩაერთო?", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული კითხვები გავაცანით იურისტ გელა ნიკოლეიშვილს. ის აცხადებს, რომ ამ ლაფსუსებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც გამოძიების დროს არის დაშვებული, ისაა, რომ პირველივე დღიდან მოზარდების ტელეფონების მოსმენა უნდა მომხდარიყო, რადგან მათი მიყურადებით საკმაოდ ადვილი დასადგენი იქნებოდა, ვინ მონაწილეობდა მოზარდების დაჭრაში. ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი დანაშაულის დროს დამნაშავე პირების პირველი შეცდომა ყოველთვის ერთმანეთთან კომუნიკაციაა და ეს მეთოდი, რასაც მოსმენა ჰქვია, ასეთ დროს საკმაოდ აპრობირებულია", - განაგრძობს გამოცემა.

"ძალიან გასაკვირია, რატომ არ მოხდა დანაშაულის პირველსავე დღეს ბავშვების მოსმენა, ან მათი მშობლებისა. ეს გამოძიებაში ყველაზე ცნობილი მეთოდია, რისი მეშვეობითაც საქმეებს ცხელ კვალზე ხსნიან. ქუჩის კადრები დროზე რომ არ ამოიღეს, მე ეს იმდენად დიდ შეცდომად არ მიმაჩნია, რადგანაც იქ მხოლოდ ბავშვების შესვლაა დაფიქსირებული და არა უშუალოდ ჩხუბის კადრები. რა თქმა უნდა, სჯობდა, დროზე ამოეღოთ, მაგრამ ამ კადრებმა გამოძიებას ბევრი ვერაფერი მისცა. ასევე, არ ვეთანხმები ფარდულის დანგრევის გამო ატეხილ აჟიოტაჟს. მისი აღდგენა იმავე ზომებით სრულიად შესაძლებელია. აქ მთავარი კითხვები ექსპერტიზის ბუნდოვანი დასკვნების მიმართ უნდა გაჩნდეს, რასაც, ასევე, გამოძიება სწორ გზაზე უნდა დაეყენებინა. რა თქმა უნდა, საეჭვოა დაჭრილი ბავშვისა და მისი დამჭრელის ვინაობის დაუდგენლობაც, რაც გამოძიებას საინტერესო ფაქტებს მისცემდა. ასევე, რა ფორმით მონაწილეობდა მიხეილ კალანდია ჩხუბში და ხომ არ იყო ის მკვლელობის თანამონაწილე. არ აქვს მნიშვნელობა, ხელით იჭერდა თუ დანას თავად ურტყამდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.

"ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, "ევროპული საქართველოს" დეპუტატ სერგი კაპანაძის განცხადებით, სხდომაზე გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა და გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს კითხვებია: "1. "გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის - მიხეილ კალანდიას მიმართ შეიძლებოდა დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. საინტერესოა, ამ კუთხით გამოძიება აქამდე რატომ არ დაინტერესდა. ჩანს, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვის გამოძიების დასაწყისშივე, მაგრამ მათ ეს ნაბიჯი არ გადაუდგამთ. 2. ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაიჭრა ერთი მოზარდი გ.მ. ეს ინფორმაციაც, ასევე, ხელმისაწვდომი იყო პირველივე დღეებიდან პროკურატურისა და შსს-სთვის. ამის მიუხედავად, არც ეს საქმე გამოყოფილა ცალკე. კანონი ავალდებულებდათ, თუმცა არ მომხდარა ამის გამოძიება" - განაცხადა კაპანაძემ. მისი თქმით, კომისიამ ამ ორ საკითხზე რეკომენდაცია უნდა შეიმუშაოს. მისი განმარტებით, "გარდა ამ ორი საკითხისა, დისკუსიამ აჩვენა, რომ პროკურატურასა და შსს-ს არ აქვთ ახსნა-განმარტება, თუ რატომ ამოიღეს სათვალთვალო კამერებიდან ინფორმაცია ასე დაგვიანებით და რატომ არ დაკითხეს მოწმეთა ნაწილი მყისიერად, ცხელ კვალზე", - დასძენს გამოცემა.

სირიიდან ჩამოსახლებული აფხაზებისთვის ქართველთა სახლ-კარს ამზადებენ

"სირიიდან და იორდანიიდან აფხაზური დიასპორის ჩამოსახლების საკითხი ისევ აქტუალურია - აფხაზეთის დე ფაქტო რეპატრიაციის მინისტრი ბესლან დბარი მათი დასახლების ადგილად გალის რაიონის შემდეგ ოჩამჩირეს მოიაზრებს და ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ხრიპს ჯოპუას შეხვდა, რომელმაც დბარს ქართველების სახლ-კარი შესთავაზა: "ოჩამჩირეში 14 სოფელია, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ და ახლა ცარიელია. არის ორი კორპუსიც, ერთ-ერთში საცხოვრებლად ვარგისი 20 ბინაა, მეორეში _ 78. რემონტდება ყოფილი კოლმეურნეობის შენობაც, სადაც 100 ოჯახის შესახლება შეიძლება. არის ასევე­ ინტერნატის შენობა. ოჩამჩირეში ცარიელი მიწის ნაკვეთებისა და სასათ­ბურე მეურნეობების ამუშავებაც შესაძლებელია, იქ ჩამოსახლებულ ოჯახებს დავასაქმებთ", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით სირიიდან ჩამოსახლებული აფხაზებისთვის ქართველთა სახლ-კარს ამზადებენ.

"სირიიდან აფხაზების რეპატრიაცია 2012 წლიდან დაიწყო. ისინი გულრიფშში, სოხუმსა და გუდაუთაში ცხოვრობენ, თუმცა ადგილობრივებთან ინტეგრაცია უჭირთ. ამბობენ, რომ იმედი გაუცრუვდათ, რადგან აფხაზეთში იმაზე მძიმე ვითარებაა, ვიდრე სირიაში საომარ პირობებში, ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და უსაფრთხოების საკითხებიც მოუგვარებელია. "კვირის პალიტრამ" აფხაზეთის ქალაქებში ქართველების საცხოვრებელი ფართობების შესახებ ინფორმაცია მოიძია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. ოკუპირებულ რეგიონში, საქართველოს კანონმდებლობით, ქართველების მფლობელობაში არსებული სახლების რაოდენობა: სოხუმი - 19 681; გაგრა - 5 354; გუდაუთა - 1 324; გულრიფში - 8 282; ოჩამჩირე - 9 521; გალი - 18 877. იყო შემთხვევები, როდესაც ქართველ დევნილებს ენგურგაღმიდან მათი სახლების "ახალი პატრონები" უკავშირდებოდნენ და უძრავი ქონების მიყიდვას სთხოვდნენ. ხშირად პატრონები თანხმდებოდნენ, ზოგმა კი უარი თქვა", - აღნიშნავს გამოცემა.

"გაგრაში, წერეთლის ქუჩაზე გვქონდა 4-ოთახიანი ჩეხური პროექტის ბინა. 1998 წლამდე დედაჩემი იქ დარჩა. რუსული განათლება ჰქონდა და აფხაზებთანაც ახლოს იყო, ისინი მფარველობდნენ. მერე როცა ჩვენი დაბრუნებისა და აფხაზეთში ქართული იურისდიქციის აღდგენის იმედი დაკარგა, ქართულ მხარეს გადმოსვლა გადაწყვიტა. მანამდე ლამის ყოველდღე ვუთვლიდით, ჩამოსულიყო. თუმცა მაინც ფეხს ითრევდა, აქაურობას ვერ ვტოვებო... მოგვიანებით გვიყვებოდა, რას გაუძლეს ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში - არ ჰქონდათ საჭმელი, წყალიც კი. აფხაზები ქართველების დაკეტილი სახლების კარებს ამტვრევდნენ, ან პირდაპირ ავტომატის ჯერს უშვებდნენ და პურისა და სიმინდის ტომრებს, შაქარს, ბურღულეულს, რაც კი ხელში მოხვდებოდათ, ყველაფერს ეზიდებოდნენ. ქართველების სახლში შევარდნას აფხაზები ერთმანეთს ასწრებდნენ, თან ამას იმით ხსნიდნენ, თითქოს ქართველებს ეძებდნენ. თუმცა არც უმაგისობა ყოფილა - დედასა და კიდევ რამდენიმე ქართველს კარგა ხანს ჩვენი კორპუსის სარდაფში ეძინათ. მერე აფხაზებმა ქართველების დაკეტილი სახლების დატაცებაც დაიწყეს. ამას უფრო სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა, ვიდრე საჭმლის­ მოპოვებას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას აფხაზეთიდან დევნილი რომან ჩიქოვანი.

"შემდეგ თურმე ერთმანეთისთვის წამოუძახებიათ, თქვენ ის ხალხი არა ხართ, ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში ქართველების სახლების გამო ერთმანეთს რომ ტყვია ესროლეთო? ეს ტაციაობა წლები გრძელდებოდა... ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დედამ მომწერა, მე თუ აქედან წამოვალ, ეს ბინა დაიკარგებაო. ვერაფერი ვუთხარი... დედა მაინც ჩამოვიდა და... კონვერტით 9 მილიონი რუბლი ჩამოიტანა. ეს ჩემთვის შოკი იყო, გულში რაღაც ჩამწყდა და იმ ტკივილს დღემდე ვატარებ. როდესაც ჩემი ახლობლები აფხაზეთში დარჩენილი ქართველების სახლების მონატრებაზე იწყებენ ლაპარაკს, მე ჩუმად ვარ, თითქოს სინდისი მქენჯნის, ასე მგონია, მე მივატოვე, ჩემი ნება-სურვილით. თუმცა მაწყნარებენ, იმ თანხით აქ ბინა მაინც იყიდე, ნეტავ მეც ასე მოვქცეულიყავიო, მაგრამ არ მჯერა, რომ მართლა ასე ფიქრობენ", - თვლის რომან ჩიქოვანი.

"2014 წელს იქაური რუსი და აფხაზი ახლობლების დახმარებით მეც გავყიდე სახლი. ხშირად მესიზმრება, რომ შორიდან ვუყურებ, შინ ვერ შევდივარ, ხან გასაღებს ვერ ვპოულობ და მის ძებნაში მეღვიძება... ის ჩემი ბავშვობის სახლი იყო და კარგად მახსოვს, როგორ აშენებდნენ, მე და ჩემი და-ძმაც ვმონაწილეობდით. ომის შემდეგ 5-ზე მეტი პატრონი გამოიცვალა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ვერც ერთმა ვერ გაიხარა. აფხაზებში წარმართული ტრადიციები ყოველთვის იყო, წყევლისაც ყოველთვის სჯეროდათ, ბოლო პატრონი უკურნებელი სენით იყო ავად და როგორც მითხრეს, სურდა სახლში თანხა გადაეხადა, იქნებ ამის შემდეგ მშვიდად ცხოვრება შევძლოო. თურმე მუდმივად ესიზმრებოდა მოხუცი ქალი და ხელჯოხიანი მამაკაცი. შემდეგ უკითხავს, ამ სახლის პატრონები როგორ გამოიყურებოდნენო? უთქვამთ, პატრონი კოჭლი იყო, ხელჯოხით დადიოდა. მოკლედ, იმ კაცმა გვიპოვა და შემოგვითვალა, მე ეს თანხა მაქვს და თუ არ გაწყობთ, მითხარით და როგორღაც დავამატებო... ახლა, ალბათ, თავის მართლებასავით გამოდის, მაგრამ მაშინ მეორედ დავკარგე სახლი და უამრავი ახლობლის გულისწყრომაც დავიმსახურე", - დასძენს აფხაზეთიდან დევნილი გული ქანთარია.

"დაწყევლილ სახლში ცხოვრება არ გვინდაო და 80.000 დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი შემომთავაზეს, ამბობენ, რომ გაგრელები არიან... ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში მითხრეს, რამდენსაც გვეტყვი, გადაგიხდითო, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს არ აღმოგვაჩნდა ძალა, ის სახლი გაგვეყიდა, რადგან ეს არის ძაფი, რომელიც მშობლიურ კერასთან გვაკავშირებს და მისი გაწყვეტა ვერ შევძელით. წარსულთან კავშირს ვერ ვწყვეტთ, თუმცა ეს მხოლოდ წარსული კი არა, ჩვენი ცხოვრებაა, სადაც ბედნიერება დავტოვეთ. ასეთ თავდადებას სულაც არ ვითხოვთ ჩვენი შვილებისგან, თუ მოისურვებენ, გაყიდონ", - მიიჩნევს აფხაზეთიდან დევნილი ელენე ქარჩავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა