ეკა ბესელია - პარლამენტის საგამოძიებო კომისიას პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის მანდატი არ გააჩნია

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასაწყისში რეკომენდაციების გაცემა ზედაპირულ მიდგომას ნიშნავს - ასეთ ზედაპირულ მიდგომას არ მივესალმები, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია აცხადებს.

როგორც ბესელია განმარტავს, კომისიას აქვს გამოძიების დაწყების მოთხოვნის უფლება, მაგრამ არა პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის მანდატი.

“ძალიან მიკვირს, რომ ერთი კვალიფიციური იურისტი არ აღმოჩნდა, რომელიც სწორად მოახდენდა რეკომენდაციის ფორმულირებას. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მხოლოდ პროკურატურის დისკრეციაა და პირის მიმართ დევნის დაწყება სამართლებრივად შეცდომაა, თუ სხვა რამ არა. საგამოძიებო კომისიას ექნება რეკომენდაციები, ექნება რეაგირების ფორმა, მაგრამ ეს ყველაფერი მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ უნდა მოხდეს. მაქვს კრიტიკული პოზიცია - ერთია ის, რომ რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა. პასუხისმგებლობის მატარებელი კომისია რეკომენდაციას გასცემს ბოლოს, როდესაც ის მასალებს შეაჯამებს. გარდა ამისა, ჩვენ პარლამენტის რეგლამენტსა და კანონში გვიწერია, რომ კომისიას შეუძლია შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს - გამოძიების დაწყება სხვა რამეა და პირის მიმართ დევნის დაწყება სხვა რამ. პირის მიმართ დევნის დაწყების კომპეტენციის მატარებელი პოლიტიკური ორგანო საგამოძიებო კომისია არ არის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დისკუსიის საგანია კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციები. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - ერთ-ერთი პირის, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა