მარიამ ჯაში - მე მომხრე ვარ, კულტურა, სპორტი და ტურიზმი დარჩეს ცალკე უწყებად, თუნდაც სახელმწიფო აპარატის ფორმით

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მომხრეა, რომ კულტურა, სპორტი და ტურიზმი დარჩეს ცალკე უწყებად, თუნდაც სახელმწიფო აპარატის ფორმით.

ამის შესახებ ჯაშმა სამინისტროების გაერთიანების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი დამატებით განხილვებს მოითხოვს.

დეპუტატის თქმით, სავარაუდოდ გაიმართება კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

"დიდი ცივილიზაციის ქვეყნებში, კულტურის სამინისტრო რჩება ცალკე, ან ტურიზმთან ერთად გაერთიანებული. მე უფრო მეორე მიმართულების მხარდამჭერი ვიქნებოდი, რომ კულტურა, სპორტი და ტურიზმი დარჩეს ცალკე უწყებად, თუნდაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით, მაგრამ ეს მოითხოვს დამატებით განხილვას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს უერთდება.