გიორგი ჩერქეზიშვილი – ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა შეუქცევადია

„ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა არის შეუქცევადი, საკმაოდ რთული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა - სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, მუნიციპალიტეტების და რაც მთავარია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყოს მაღალი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ გიორგი ჩერქეზიშვილმა კონფერენციაზე – „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონფერენცია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ იმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხია, მათ შორის როგორც მძღოლების, ისე სახელმწიფოსი და სამოქალაქო საზოგადოების.

„სახელმწიფოს ვალდებულების საკითხია იმ ნაწილში, რომელზეც ვსაუბრობთ - გარემოს დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა, ასევე ინფრასტრუქტურის და ხარისხის კონტროლის ნაწილი, კერძოდ, საწვავზე ვსაუბრობ - რომ ეს ყველაფერი გამართული იყოს და რეგლამენტები იყოს წესრიგში და იმ შესაბამისობაში, რა ვალდებულებებიც გვაქვს აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მივესალმებით თქვენი პროექტის დაწყებას და ვიმედოვნებით, რომ ის იქნება თანამშრომლობაზე დამყარებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა იმ ნაწილში, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს -კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმების ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.

დღეიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში შეეძლება. ამასთან, სამუშაო საათებში მოქალაქეებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ცხელი ხაზის 1484-ის მეშვეობით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს