myvideo.ge - ვიდრე სასამართლო დავა არ დასრულდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხის გათიშვას არ ვგეგმავთ

კომპანია myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც myvideo.ge-ს დაევალა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხის გათიშვა.

როგორც myvideo.ge-ს წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო, ცდება მოსარჩელის მოთხოვნებს და სასამართლო განხილვების დასრულებამდე კომპანია აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს. როგორც myvideo.ge-ში აღნიშნავენ, ისინი სხვა კომპანიების მსგავსად არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიცენზირებული ტრანზიტორები, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხოლოდ myvideo.ge-ს წინააღმდეგ მიმართა კომუნიკაციების კომისიას, რაც დისკრიმინაციულია. საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა myvideo.ge-სგან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების პერიოდში პირველი და მეორე არხის გათიშვა მოითხოვა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინტერნეტსარეკლამო წილის უსამართლო გზებით მიტაცებას. საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით რეკლამის გაყიდვის უფლება აქვს, მაგრამ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობა არ სურს. მიზნის მისაღწევად მათ ინტერნეტსარეკლამო ბაზარზე მომუშავე კომპანიების შევიწროვება განიზრახეს, რაშიც სამწუხაროდ, აქტიურად ეხმარება კომუნიკაციების ეროვნული კომისია. უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 1 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაგზავნა სრულიად აბსურდული მოთხოვნა, რომლის შინაარსიც გულისხმობს, რომ myvideo-ზე ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას შეწყდეს პირველი და მეორე არხის ჩვენება, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მხოლოდ myvideo-ზე არ უნდა ვაჩვენოთ ფეხბურთი მომხმარებელს. ამ აბსურდული მოთხოვნის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოიტანა კიდევ უფრო აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჩვენ დაგვევალა პირველი და მეორე არხის დაუყოვნებლივი გათიშვა არა მარტო ფეხბურთის დროს, არამედ სულ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მოუთხოვია. კანონით, myvideo არის ისეთივე ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია როგორიც არის „მაგთი“, silktv და ათობით სხვა საკაბელო კომპანია. არც ერთ მაუწყებელს, მითუმეტეს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება, არ აქვს უფლება მოახდინოს განსხვავებული პირობების დაწესება რომელიმე ტრანზიტორისთვის. ზუსტად აქედან გამომდინარეობს მათი მოთხოვნის დისკრიმინაციულობა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას, ჩვენ მას გავასაჩივრებთ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ დავტოვებთ მილიონობით ადამიანს ფეხბურთის გარეშე. აქვე, ვთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, დაინტერესდეს და რეაგირება მოახდინოს არხის ხელმძღვანელების იმ ქმედებებზე, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის საყოველთაოობის პრინციპებთან“, - აცხადებენ myvideo-ში.

გარდა ამისა, myvideo გეგმავს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მიმართოს.

„ჩვენ ვთვლით, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება არის უკანონო. პირველ რიგში იგი მიღებულია პროცესუალური ნორმების დარღვევით და ემყარება ისეთ მტკიცებულებებს, რომელთა მიღებაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება გასცდა მომჩივანის მოთხოვნას და რეალურად, იმის ნაცვლად, რომ დაეკმაყოფილებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა ტრანზიტის გათიშვასთან დაკავშირებით, მოგვთხოვა სრულად ორივე არხის გათიშვა, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის პრინციპებს. დღესვე მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ კომუნიკაციების კომისიის აქტის შეჩერებას. გარდა ამისა, ვგეგმავთ შევიტანოთ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა თავშივე დისკრიმინაციულია. მოვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოსგან, შეისწავლოს თუ რამდენად კანონიერი იყო დირექციის ეს მოთხოვნა. ამავდროულად, ჩვენ მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მოგვაწოდოს ისეთივე სიგნალი, რომელსაც აწვდის სხვებს, რათა გავაგრძელოთ ამ არხების ტრანსლირება“, - აცხადებენ myvideo-ს იურისტები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა