ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ტამიშთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებს

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ 1993 წლის 2 ივლისს ტამიშთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

„2 ივლისი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ერთდროულად გლოვისა და სიამაყის დღეა. ზუსტად 25 წლის წინ, რუსეთის შეიარაღებული ძალების დახმარებით, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა, რასაც მოჰყვა შეიარაღებული დაპირისპირება ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულ ქართულ სამხედრო ნაწილებთან.

ცხრადღიანი ინტენსიური ბრძოლის შედეგად, საქართველომ 300-მდე რჩეული მებრძოლი დაკარგა. მათ თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია - უთანასწორო ბრძოლის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა შეძლეს დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ პატივს მიაგებს თითოეული ამ გმირი ვაჟკაცის ხსოვნას და უსამძიმრებს მათ ოჯახებსა ახლობლებს. ომი ღირსეულ შვილებს გვართმევს! ამ ძმათა შორის დაპირისპირების მძიმე შედეგები საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. იმპერიულ ზრახვებს ჩვენი არაერთი აფხაზი და ოსი თანამოქალაქის სიცოცხლეც შეეწირა. ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ არ წაგვიგია ომი; ომი, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ. ღვთის ნებით, ჩვენ ერთად მოგვიწევს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს აშენება“, - ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა